პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიერ თანადაფინანსებულ 1 ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება – მინისტრი

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციისას.

ღონისძიებას პროგრამის ბენეფიციარები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს როლსა და მის მიერ გამოყენებული მექანიზმების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს – ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის გაკეთებული მხოლოდ ჩვენი შიდა შეფასებებით – ეს არის GIZ-ის ექსპერტების ჩართულობით გაკეთებული ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება იმ პროექტების, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ აკეთებს. სულ არის ხოლმე საუბარი, თუ რამდენად ეფექტიანია, რა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და რამდენად შეიძლებოდა ამ პროგრამების გარეშე მიგვეღო იგივე შედეგი – ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატება. ამ კვლევამ კონკრეტულად გამოაჩინა, თუ რამდენად განსხვავდება პროგრამაში მონაწილე კომპანიების შედეგები ზოგადად საშუალო სექტორის შედეგებისგან, რამდენად უფრო მდგრადია, რამდენად უფრო სწრაფად იზრდება მათი შემოსავლები და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საბიუჯეტო თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში – 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი. დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შეიქმნა 58 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, რათა სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები ეფექტიანად იყოს გამოყენებული არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციების შესანარჩუნებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ ეკონომიკურ შოკებს გაუძლონ და წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება დასაქმებას – 58 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული „აწარმოე საქართველოში“-ს მხოლოდ იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც გაანალიზებულია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …