თბილისი (BPI) – გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები
ის, რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს გაემგზავრება ტყიბულში, არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად.
“ის რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ხელმძღვანელმა ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.
” რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. იქ, სადაც საშუალება გვექნება, ყოველთვის დავდგებით ბიზნესის გვერდით, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.