“პოლიციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსაზრებები ნაწილობრივ გაითვალისწინეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით 2021 წლის 08 სექტემბერს საქართველოს მთავრობას წარუდგინა მოსაზრებები, რაც ნაწილობრივ იქნა გაზიარებული.

სამსახურის პოზიცია კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე 2021 წლის 08 ოქტომბერს ასევე წარედგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს. სამსახური აქტიურად არის ჩართული კომიტეტების მუშაობაში, მის მიერ წარდგენილი მოსაზრებების განხილვის მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში ნათქვამია, რომ პირისადმი იდენტიფიკაციის ღონისძიებების გამოყენების დოკუმენტირებიდან საგამონაკლისო შემთხვევების ფართოდ განსაზღვრა ზრდის პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების, პოლიციის მუშაკის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკებს; ასევე, საფრთხეს უქმნის პოლიციის მუშაკის მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევების გამოვლენას და მონაცემთა სუბიექტისადმი გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების შემდგომში გასაჩივრების უფლებას. ამასთან, აღნიშნული ცვლილება ართულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა შესაძლო უკანონო დამუშავების ფაქტების გამოვლენის პროცესს.

რაც შეეხება პირის იდენტიფიკაციის მიზნით საინფორმაციო ბაზებში პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული ლეგიტიმური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ პოლიციის მუშაკი ვერ დაადგენს პირის ვინაობას ან/და ამგვარი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად კვლავ იარსებებს პირის ვინაობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ასეთ შემთხვევაში დამუშავდება მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მონაცემები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი მოსაზრება ასევე შეეხება პოლიციის სისტემაში დასასაქმებელი კანდიდატის/მოსამსახურის შემოწმებისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებს. სამსახური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტად განჭვრეტადი და მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან განაგრძობს მუშაობას „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის დახვეწისა და აღნიშნული ცვლილებების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ პრინციპებთან და ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …