„პირველი ნაბიჯები“ 45 წლის ასაკში – გაიცანით ჩვენი პაციენტი

დღეს გიამბობთ მორიგი წარმატებული სამედიცინო შემთხვევის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე ნეიროქირურგიის მუდმივი განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესს.

კახა მურადოვი ჩვენი ჰოსპიტლის კიდევ ერთი გამარჯვებული პაციენტია აფხაზეთიდან, რომელსაც, გადაადგილების უნარი, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა და ძლიერი ტკივილი ტანჯავდა. 45 წლის ასაკში გააანალიზა, რომ ძველებურად ფეხით გავლის იმედს კარგავდა.

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც რამდენიმე ნეიროქირურგიული ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა, მდგომარეობა 2019 წელს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ უფრო დაუმძიმდა, რის შემდეგაც აღენიშნებოდა ტკივილი, დისკომფორტი და მკვეთრად გამოხატული სისუსტე მარჯვენა კიდურებში. კახა მურადოვს კიდევ არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი შეეზღუდა.

საბოლოოდ, მამაკაცი აფხაზეთიდან თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო გადმოიყვანეს. ხერხემლის კომპიუტერულმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ გამოავლინა C4-C6 დონეზე სპინალური სტენოზი (ხერხემლის შევიწროვება), გამოწვეული წინა ოპერაციებისას ჩაყენებული კონსტრუქციებით და ფორამინალური (ფესვობრივი) სტენოზი მოტეხილი ფირფიტების ხარჯზე.

მდგომარეობის გათვალისწინებით, ნეიროქირურგმა ასლან გერმანიშვილმა ოპერაციული მკურნალობის ორ ეტაპად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პირველ ჯერზე, განხორციელდა კისრის სეგმენტის სტენოზული ნაწილის დეკომპრესია უკანა მიდგომით, რის შედეგადაც პაციენტს მოეხსნა ტკივილი მარჯვენა ნახევარში, შეუწყდა დაბუჟების ეპიზოდები და ზედა კიდურებში დაუბრუნდა ძალა. მეორე ეტაპზე კი ჩატარდა ფორამინოტომია ფესვების გახსნით, წინა მიდგომით. შედეგად, მამაკაცს კიდურებში მოძრაობა სრულად აღუდგა, მოეხსნა ტკივილი, დისკომფორტი და მშობლიურ სოხუმში საკუთარი ფეხით, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

„სიცოცხლეს დავუბრუნდი, ტკივილს აღარ ვგრძნობ, სიარული შემიძლია. ამხელა გზის გავლის შემდეგ აღარაფრის მჯეროდა, მაგრამ ჩემს ისტორიას კეთილი დასასრული აღმოაჩნდა – ჰოსპიტლიდან ჩემი ფეხით და უზომო მადლიერების გრძნობით გავედი,“ – ამბობს კახა მურადოვი, რომელმაც ნეიროქირურგების გუნდი აფხაზეთში სტუმრად მიიწვია.

განწყობა საზეიმო იყო ექიმების გუნდისთვისაც: „ჩვენ ერთნი ვართ. აფხაზეთი საქართველოა და ჩვენთვის დიდი პატივია, დავეხმაროთ ჩვენი კუთხის ხალხს აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან,“ – აღნიშნავს პროფესორი ასლან გერმანიშვილი და იმედოვნებს, რომ სწორედ მსგავსი წარმატებები იქნება თითო აგური ჩატეხილი ხიდის აღდგენის პროცესში.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …