პარლამენტმა სებ-ის 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.

“ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) – ცვლილებით მიიღწევა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება ან გამკაცრებული დარჩება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება, ანუ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

“ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მწვავე მოვლენები მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს. „ერთი მხრივ, გლობალურად რეცესიის რისკები დგას, მეორე მხრივ კი, მწვავე ინფლაციური შოკები გრძელდება, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდაც გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, და რადგანაც ინფლაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დაკრედიტების შენელება, ეროვნულმა ბანკმა, გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, სხვა დამატებით ინსტრუმენტებსაც მიმართა”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მოხსენების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტს 7-წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …