პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და  82 მომხრით, ერთის წინააღმდეგ,  მიიღო კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის,  პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში, ძირითადად, იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან წარმოდგენილი რედაქციული შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.

საკანონმდებლო პაკეტით აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება. მისი შემუშავების აუცილებლობა სათამაშო ბიზნესის სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა განაპირობა. პროექტი ითვალისწინებს აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის შექმნას. კანონპროექტი საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებებმა კიდევ შვიდ მოქმედ კანონში გამოიწვია ცვლილებების  შეტანა.

ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …