პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად იყენებს.

“ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) – ცვლილებით. გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება.  შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს 2009 წლიდან, უკვე 12 წელია ახორციელებს. ამ პერიოდის მანძილზე, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი თავიდან 6% იყო, შემდეგ ეტაპობრივად მცირდებოდა და საშუალოდ 4.7%-ს შეადგენდა,  ხოლო საშუალო ფაქტობრივმა ინფლაციამ კი 4.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალური გამოწვევების გათვალისწინებით, ეს კარგი მაჩვენებელია. 2018 წლიდან დღემდე კი, რაც ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, საშუალო ინფლაციამ 5.4%-მდე მოიმატა და ამის მიზეზი მეტწილად პანდემიაა. ეს ფართო სურათი ნათლად წარმოაჩენს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კარგად მუშაობს და ხელს უწყობს ფასების სტაბილურობის პროცესს მოკლევადიან პერიოდში დამატებითი ეკონომიკური ხარჯებისა და ეკონომიკური აქტივობის მერყეობის გარეშე,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია.  სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა. „სურსათის გაძვირება – პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა. სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – განმარტავს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და სხვა თანაბარ პირობებში მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. „ვაქცინები ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. ამის ფონზე ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიურ მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. შესაბამისად, მაკროეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. პროგნოზები, დიდწილად, პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული. მსგავსი რისკები კი ინფლაციური ხასიათისაა და ჩვენც მკაცრი მონეტარული პოლიტიკისკენ მიმართული ვრჩებით“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, წარდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. „2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკურმა გუნდმა  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან უპრეცედენტო ოდენობის დახმარება მოიზიდა, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯა, თანხის ნაწილი რომელიც იხარჯება წელს და ნაწილობრივ შემდეგ წელსაც დაიხარჯება.  რომ არა ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უშეცდომო მონეტარული პოლიტიკა, ეს დახმარება ქვეყანაში ვერ მოვიდოდა,“ – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მოხსენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …