პაპუნა ლეჟავამ გაეროს სამიტის ფარგლებში მდგრადი დაფინანსებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გაეროს  კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გლაზგოს უნივერსიტეტის ადამ სმიტის ბიზნესის სკოლისა და “ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლების“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება ქვეყნების პოსტ-პანდემიური მდგომარეობის და მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, მწვანე და მდგრადი დაფინანსების თემების განხილვას დაეთმო.

სამიტზე პაპუნა ლეჟავამ კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე გლაზგოს უნივერსიტეტის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ცენტრალური ბანკების  წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. პაპუნა ლეჟავამ ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე და მონაწილეებს დეტალურად გააცნო  ეროვნული ბანკის პროექტები.

“ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარება 2017 წლიდან დაიწყო. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნებაა. ანგარიშში, რომელიც ყოველწლიური იქნება, საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმდინარე ტენდენციების, პოლიტიკისა და გეგმების მიმოხილვაა წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მდგრადი საფინანსო ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას და ეტაპობრივად ახორციელებს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების კონფერენცია  გაეროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …