თბილისი (BPI) – Georgian Mining Corporation-ი, რომელიც საქართველოში ოქროსა და სპილენძის ძებნა/ მოპოვების ლიცენზიებს ფლობს სახელს იცვლის.
კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ საქმიანობას Empire Metals Limited -ის სახელით გააგრძელებს.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის განვითარების სტრატეგიას და მოსალოდნელია, რომ ის საინვესტიციო და ახალი იურისდიქციის პროექტებს გააერთიანებს.
კომპანიის ცნობით, ცოტა ხნის წინ წიაღის ეროვნული სააგენტონდან მიიღო თანხმობა 2 საბადოს ათვისებაზე – ქვემო ბოლნისა და დამბლუდში. ამ საბადოებზე Empire Metals Limited-ი 50%-ს ფლობს.
თუმცა მიუხედავად ამ მიღწევებისა, კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო 18 თვეში საქართველოში არაერთ გამოწვევას შეეჯახნენ, რის გამოც, დირექტორთა საბჭო აქტიურად აფასებს ახალ აქტივებს, რომელთა მეშვეობით მათი პორტფელის ღირებულება გაიზრდება.
კომპანია ადრე აცხადებდა, რომ სააგენტო ითხოვს რამდენიმე სალიცენზიო ტერიტორიის უკან დაბრუნებას, რასაც კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება.
კომპანია აპირებს სალიცენზიო უფლებების დაცვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსაც მიმართოს, მათივე ინფორმაციით, მინისტრს საკითხის განხილვისა და პასუხის გაცემისთვის 3 თვიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, Empire Metals Limited –ი და Caucasian Mining Group-ი კომპანია Copper & Gold-ში 50-50%-იანი წილით პარტნიორები არიან და ბოლნისში, თეთიანის სარტყელის სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ოქროს ძებნა-მოპოვებას ახორციელებენ.
უკვე ცნობილია, რომ „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ ბოლნისის მადნიან ველზე, ბექთაქარის საბადოს ერთ-ერთ უბანზე, ოქროს სერიოზულ მარაგს მიაკვლია.
სპეციალისტების შეფასებით, ეს პერსპექტიული და საინტერესო უბანია, სადაც საკმაო რაოდენობით ოქროს მოპოვება შეიძლება.
ბიზნესპარტნიორი