DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სამსუნში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე, პირდაპირი ავიარეისის თბილისი-სამსუნი სამსუნი-თბილისის მიმართულებით დანიშვნის მნიშვნელობაზე და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.
DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვისთვის.
აღნიშნულ შეხვედრას, სამსუნის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეჰმეთ ბილგინი, სამსუნის ბუიუქ ანადოლუს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჰაქან ჩიფთჩი, შავი ზღვის ცენტრალური რეგიონის ტურსაბის თავმჯდომარე მეჰმეთ უზუნალი, ონდოქუზ მაისის უნივერსიტეტის დეკანი პროფ. იეთქინ ბულუთი, შავი ზღვის ცენტრალური რეგიონის განვითარების სააგენტო OKA-ს გენერალური მდივანი ეთჰემ შაჰინი, სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ომერ ბირი, მუსიადის ასოციაციის ქ.სამსუნის ფილიალის თავმჯდომარე ალი სულეიმანოღლუ, სამსუნის კულტურისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე იდრის აქდინი, სამედიცინო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.