ოთარ შამუგიამ კონკურსის „მწვანე ჯილდო 2023” გამარჯვებულები დააჯილდოვა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამოცხადებულ კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.
„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023” ქ.თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია მუმლაძემ მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023” გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასმათ ლეჟავამ.

გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.

„თანამედროვე გამოწვევების გამკლავებისთვის ერთ-ერთი მთავარი გზა განათლებაა. ამ გზაზე მასწავლებლების როლი უმნიშვნელოვანესია და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დღევანდელი ღონისძიება დაიგეგმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო 5 ივნისს აღნიშნავს. იმისთვის, რომ გვქონდეს ჯანსაღი გარემო, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა; ამ მხრივ საინტერესო ინიციატივები გვაქვს, მათ შორისაა რამდენიმე დღის წინ გახსნილი ახალი პლატფორმა ,,ტყის მეგობარი”, რომლის მიზანია, საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს ტყის აღდგენის, მოვლისა და დაცვის ღონისძიებებში. სახელმწიფოს როლი გარემოზე ზრუნვის ნაწილში უმნიშვნელოვანესია. ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ კონკრეტული რეფორმები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებისგან დასაცავად. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება მომავალშიც. ყველა გატარებული რეფორმა კი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 10 წლის იუბილე მივულოცო. ცენტრი საზოგადოებას გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას და ზრუნავს ცნობიერების დონის ამაღლებაზე. კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის დაჯილდოების ღონისძიებაზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ ცენტრის ინიციატივით დაარსდა”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად.

დაჯილდოების ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, საქართვლოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, , CENN, ეკოხედვა, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“; ასევე, სულაკაურის გამომცემლობა, დელფოსი, კარფური, ფარმადეპო, რომლებიც, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …