საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Central Banking – ის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო შეხვედრებში.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ვრცლად მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის ვალუტა და საგადახდო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები, რეზერვების მართვა, კლიმატის რისკები და ინკლუზიურობა.
ოთარ გორგოძემ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ოთარ გორგოძემ საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა ამ მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა რისკების მართვის ჩარჩოს სპეციფიკაციებზე.
“ახლა, როცა კოვიდ-19 – ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოვდივართ და თანდათან ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით, საჭიროა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მედეგობის კიდევ უფრო გაზრდა. კრიზისმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა. ამის კვალდაკვალ, ციფრულმა ინფრასტრუქტურამ არამხოლოდ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ არასასურველი ეკონომიკური შოკების შემსუბუქებასაც უნდა შეუწყოს ხელი”, – განაცხადა ოთარ გორგოძემ.
ღონისძიებას წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.