ნიკორა 2 მლნ აქციის წარმატებულ საჯარო განთავსებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – სს „ნიკორა ტრეიდი“, 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 მარტამდე,  2 მლნ ცალი ჩვეულებრივი აქციის წარმატებულ საჯარო განთავსებაზე აცხადებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა და ქვეყნის მასთაბით  სუპერმარკეტების ქსელს ფლობს.

კომპანიის ცნობით, აქციების ფასი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს, სს „ნიკორა ტრეიდის“ ერთი აქციის შეწონილმა ფასმა შეადგინა 18.54 ლარი, 2018 წელს – 18.89 ლარი, ხოლო 2019 წელს კი – 22.79 ლარი. აქციების განთავსების შედეგად კომპანიის აქციონერი გახდა 2032 ფიზიკური პირი, ხოლო კომპანიის კაპიტალში მოზიდული იქნა 40.239.000 ლარი.

აქციების საშუალებით მოზიდული და კომპანიის მიერ გენერირებული თანხებს მენეჯმენტი „ნიკორა ტრეიდის“ ქსელის განვითარებისკენ მიმართავს. 90-ზე მეტი სუპერმარკეტი გაიხსნა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში და წლის ბოლომდე,  დამატებით, კიდევ 60 ობიექტის გახსნა იგეგმება.

კომპანიის განვითარების გეგმის თანახმად, 2020 წლის ბოლოს კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 450-მდე სავაჭრო ობიექტი ექნება. ამ დროისთვის კი მის მფლობელობაში 257 მაღაზიაა.

სს „ნიკორა ტრეიდმა“, პირველმა საქართველოში განათავსა კუპონური ობლიგაციები ლარში. კომპანიაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით კარგად განვითარებული არ არის, „ნიკორას“ მრავალწლიანმა ისტორიამ, კვების პროდუქტების ბაზარზე მისმა უცვლელმა ლიდერობამ და საიმედოობამ განაპირობა ინვესტორების დიდი დაინტერესება და ნდობა.

სს „ნიკორა ტრეიდს“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ და მის ობლიგაციებს BB- მიანიჭა. B+ საქართველოს ბაზრისთვის უმაღლესი შეფასებაა. ეს არის არა მხოლოდ შეფასება, არამედ დაფასება იმ გზის, რომელიც კომპანიამ წარმატებისა და ფინანსური გამჭირვალობის კუთხით გამოიარა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …