ნიდერლანდური DAMEN-ი საქართველოში გემთმშენებელი ინფრასტრუქტურის განვითარებით დაინტერესდა

თბილისი (BPI) – მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN-ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან. კომპანიის წარმომადგენლები შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეარჩევენ.

გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე DAMEN-ის შტაბ – ბინაში მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია DAMEN-ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა. „ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა “DAMEN“-ი და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ გემთმშენებელ კომპანიასთან პირველი შეხვედრა 2019 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …