“ნიბა” რძის წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ.

ფერმაში ამჟამად 200 სული ძროხას 6 ადამიანი უვლის. „ნიბა 2008“-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა“ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით  დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის“ გამარჯვებული გახდა.

ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს უკვე „ნიბას“ სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი. ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში კვლავაც დიდია,“ – ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს, რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი  იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …