ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი – თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

თბილისი (BPI) – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში.

ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.

თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:

ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.

არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.

სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.

სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

“ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის მიმართ ნდობა არ გააჩნია.  2019 წლის თებერვალ-მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ  თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, 91% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები საკუთარ პოზიციას ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების დასასაქმებლად იყენებენ. 2019 წლის აპრილში “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაკვეთით გამოქვეყნებული CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68,8% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მინისტრის ნათესავი უფრო დასაქმდება სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიდრე პროფესიული უნარებით და ცოდნით გამორჩეული კანდიდატი. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ სამინისტროებში კორუფციაა გავრცელებული, 63% კორუფციის ფორმად ნეპოტიზმს მიიჩნევს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ კორუფცია გავრცელებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, მათგან 59% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს. რესპონდენტთა 47% თვლის, რომ სასამართლოში  კორუფცია გავრცელებულია, მათგან 49% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დიდი ხანია საუბრობს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევების შესახებ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და პატრონაჟის მიმართულებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რადგან სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ.

ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.

ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი)”, – ნათქვამია კვლევაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …