“ნენსკრა ჰიდრომ” გარემოსდაცვით კვლევებზე ₾10 მლნ-მდე დახარჯა

თბილისი (BPI) – ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ კვლევებსა და მონიტორინგზე, 10 მილიონამდე ლარი დახარჯა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (გზშ) მუშაობა 2011-2017 წლებში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სპეციალისტებმა იმუშავეს.

ზემოქმედების შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს იმ შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა შესრულების ვალდებულება საპროექტო კომპანიას აქვს აღებული. კვლევების შედეგები 10 ტომში აისახა და ჯამში 3000-მდე გვერდს მოიცავს. ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საპროექტო კომპანიის ვებ-გვერდზე www.nenskra.ge ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ამჟამად “ნენსკრა ჰიდრო” მთელ რიგ გარემოსდაცვით ღონისძიებებს ახორციელებს, რომლებიც გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმაშია აღწერილი და როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის დროს გაგრძელდება.

ამ ეტაპზე ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მიმდინარეობს ისეთი გარემოსდაცვითი ღონისძიებები, როგორებიცაა ხმაურის დონის, წყლის ხარისხისა და ხარჯის, ამინდის მონიტორინგი, ასევე დაკვირვება ბიომრავალფეროვნების ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა მურა დათვი, წავი, კალმახი და სხვა.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღნიშნულ ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …