ნამახვან ჰესის 750 მლნ-იანი პროექტის განხორციელება იწყება

თბილისი (BPI) – ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება იწყება. ეკონომიკის სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორებს შორის წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ტექსტს მთავრობა განიხილავს და ხელმოწერის შემდეგ სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. 

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა ერთ-ერთი უდიდესი პროექტია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ  „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

თურნავა პროექტის მაშტაბურობის მიუხედავად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. “ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია“ – აღნიშნა თურნავამ.

„ნამახვანი ჰესების კასკადი“  იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება. 

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის განვითარებას და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ   ნამახვანი ჰესების პროექტი პასუხობს ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებს, რაც საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციისა და ინვესტორის კონსტრუქციული მიდგომის შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …