ნათია თურნავა – “ვიზასა” და “მასტერქარდთან” მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვის პროექტში სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო საბარათე სქემების “ვიზას” და “მასტერქარდის” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც კომპანია “ვიზასთან”, ასევე კომპანია “მასტერქარდთან” შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პროექტები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს საბანკო სერვისებში ციფრული ტექნოლოგიებისა და უნაღდო გადახდების სისტემების განვითარებაზე, მათ შორის, საქართველოში მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის თაობაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. “ვიზა” და “მასტერქარდი” ქვეყანაში უნაღდო გადახდების განვითარების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. “შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა, რომელზეც ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. ეს სისტემა დააჩქარებს გადახდის პროცესს და გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში “ვიზა” და “მასტერქარდი” 20 წელზე მეტია ოპერირებენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან როგორც საგადახდო სისტემების, ასევე ფინანსური განათლების, ციფრული ვალუტის, ღია ბანკინგის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …