„ნავთობკომპანიები ერთი ლიტრი საწვავიდან საშუალოდ 50 თეთრს იგებენ“- ბედნიერები ვართ და გვიხარია, ანუ როგორ გვატყუებენ ნავთობიმპორტიორები

თბილისი (BPI) – ბედნიერები ვართ და გვიხარია, ანუ როგორ გვატყუებენ ნავთობიმპორტიორები, — წერს აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასები საქართველოში საშუალოდ 10-12 თეთრით შემცირდა. ეს ნამდვილად შვება იყო მომხმარებლებისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც 4 თვის უკან საწვავის ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 2.72 ლარს გადასცდა. ( ცალკე საკითხია რამ გამოიწვია იმხანად ფასების მსგავსი მატება, მაგრამ ამაზე არაერთხელ მისაუბრია და ახლა ამით არ გადაგღლით). შესაბამისად ფასების მცირედით შემცირებასაც ყველა სიხარულით შეხვდა, მაგრამ რამდენად გვაქვს სიხარულის მიზეზი და რა უნდა ღირდეს საწვავის სინამდვილეში.

რა ხდება სინამდვილეში:

როდესაც ჩვენთან საწვავის ფასმა პიკს მიაღწია, ანუ გასული წლის მიწურულს, მსოფლიოში WTI ნავთობის ფასი საშუალოდ 73 $ შეადგენდა, დღეს იგივე ტიპის ნავთობის შეძენა საშუალოდ 58 $ არის შესაძლებელი. ანუ ფასები ნავთობზე დაეცა 20.5 % -ით, ხოლო ჩვენთან ამავე პერიოდში ფასები შემცირდა მხოლოდ 5% -ით. დაკვირვებული თვალი აქვე შენიშნავს, რომ ეს ნედლი ნავთობის შედარებაა უკვე მზა საწვავთან და ასეთ შემთხვევაში, მცირედი განსხვავება დასაშვებია. მაგრამ რა უყოთ იმ გარემოებას, რომ 20%-ნი სხვაობა მცირედი არ არის ?! თუმცა ეს არაფერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუ გასული წლის ნოემბრის გაცვლით კურსს ვნახავთ, ანუ იმ პერიოდის რომელზეც ზემოთ ვისაუბრებთ დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტა საკმაო არასტაბილურობით გამოირჩეოდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.75 ლარსაც კი გადასცდა. რასაც ვერ ვიტყვით ბოლო თვეების მონაცემებზე, ბოლო რამდენიმე თვეა ეროვნული ვალუტა სტაბილურობით ხასიათდება და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.68 ლარად არის შესაძლებელი. ანუ ეროვნული ვალუტა 8 თეთრით გამყარდა დოლართან მიმართებაში.

მაგრამ ესეც არაფერი, როგორც წესი კომპანიები და მათი ლობისტები ეკონომიკურ გათვლებსა და მონაცემებს არ ენდობიან ხოლმე, ამიტომ მოდით, ისევ ჯიუტი ფაქტები მოვიშველიოთ.

მაგალითად ზემოთ ხსენებულ გათვლებს ძალიან კარგად ასახავს კომპანიების საფასო პოლიტიკა სახელმწიფო ტენდერებში. კერძოდ კი თუ კომპანია „რომპეტროლში“ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, პრემიუმის ტიპის საწვავს, 2.42 ლარად ვყიდულობთ, იმავე ტიპის საწვავში სახელმწიფო მხოლოდ 1.93 ლარს იხდის, ანუ 49 თეთრით უფრო ნაკლებს, ვიდრე ხალხი. სკეპტიკოსები აქ აუცილებლად მოიშველიებენ იმ „რკინის“ არგუმენტს, რომ საბითუმო შესყიდვებისას კომპანიას შეუძლია უფრო დაბალი ფასი შესთავაზოს კლიენტს პროდუქტი, მაგრამ კომპანია წაგებაზე საწვავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაყიდის.

გამოდის რაა ? ! კომპანიები ერთი ლიტრი საწვავიდან საშუალოდ 50 თეთრს იგებენ.

პ.ს. ეს მოკლედ, უფრო მეტს იხილავთ „აფბას“ კვლევაში, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება საჯარო.

commersant.ge


შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …