მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების მიზნით 1,3 მილიონი ევრო გამოიყოფა

გერმანულ-ქართული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შმიულინგს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულება დღეს, 19 ივნისს,  ბერლინში  გაფორმდა, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.

ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, დაფინანსებას სამეწარმეო ხასიათის მიზნები გააჩნია. კერძოდ, მიღებული სახსრები განსაზღვრულია მოსამზადებელი სამუშაოებისთვის – საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, პროექტირებისთვის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციისათვის და ა.შ.

გერმანიის ფედერალური მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკის მეშვეობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, სულ ახლახან, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა განზრახვას, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით).

სწორედ აღნიშნული პროექტის საწყისი ეტაპია ზემოთხსენებული შეთანხმება და თანხა (1,3 მილიონი), რომელიც მის საფუძველზე გამოიყოფა და რომლითაც მწვანე წყალბადის განვითარების ხელშესაწყობად, ქვეყანაში, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოპროდუქტის – წყალბადის გამოყენების გზად, პირველ ეტაპზე, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტი განიხილება. მოსამზადებელ სამუშაოებს კი, დაახლოებით, ერთი წელიწადი დასჭირდება.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …