თბილისი (BPI) – ფრანგული ბრენდი „Ladurée“ გაფართოვდა – აბაშიძეზე მდებარე ფლაგმან რესტორანს შეემატა მწვანე ტერასა, ხოლო გალერია თბილისში კი გაყიდვების სტენდი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ლადუღეს ფერადი მაკარონები, შოკოლადები და ორიგინალური აქსესუარები.
ლადუღეს ისტორია 1862 წლიდან იწყება და ცნობილია იმით, რომ შექმნა ფრანგული ორმხრივი მაკარონი, სხვადასხვა გემოთი და არომატით. ლადუღემ პარიზელებს თავი პატარა საკონდიტროთი გააცნო, რომელიც Rue de Royale-ზე გახსნა და დღემდე ბევრ სტუმარს აბედნიერებს გემრიელი ტკბილეულით, ფლაგმანი რესტორანი კი ისტორიულ Champs-Élysées-ზე მდებარეობს და პარიზელებისა თუ ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
ლადუღე მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2019 წლის თებერვალში კი ლადუღეს 106-ე რესტორანი თბილისში, ი.აბაშიძის 21ა-ში გაიხსნა.
მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად „Ladurée“-ში წარმოდგენილია კლასიკური ფრანგული სამზარეულო, სადაც ქართველ მზარეულებთან ერთად საერთაშორისო კულინარიული გუნდი მუშაობს.