მცირე და საოჯახო სასტუმროები და კორონავირუსული პანდემია

თბილისი (BPI-UG) – ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული დიდი სამედიცინო პროგრესის მიუხედავად, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას, მაინც მოუმზადებელი შეხვდა. დღეს მთავრობებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება ძირითადად ჯანდაცვის სფეროზეა გადატანილი. თუმცა ამის პარალელურად აუცილებელია პანდემიის ეკონომიკური შედეგების გაანალიზება.

საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები  ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე უარყოფითად აისახა. ეკონომიკური წინსვლის შეჩერებამ კი მოსახლეობის ცხოვრების დონეც გააუარესა. ქვეყნის მასშტაბით უამრავი მცირე(საოჯახო) ტიპის სასტუმრო არსებობს, რომელთა უმეტესობამაც კორონავირუსის პირობებში ფუნქციონირება ან სრულად შეწყვიტა ან მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ შეძლო მუშაობა.

როგორც  „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, მცირე სასტუმროების ზარალის შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ტურიზმის სექტორის ზარალი საკმაოდ მაღალია და ეს მცირე სასტუმროებზეც ახდენს გავლენას. შიდა ტურიზმმა დაახლოებით, 20 %-ით მოახერხა საერთაშორისო ტურიზმის დანაკლისის ჩანაცვლება, მაგრამ ამის პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე ფასებმა დაიწია. ზაფხულის სეზონზეც კი მცირე სასტუმროებმა ვერ მოახერხეს ისეთი დატვირთვით მუშაობა, როგორიც საჭირო იყო. რაც პირველ რიგში, კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მოსახლეობის ნაწილს ეშინოდა ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების. ზოგიერთ რეგიონსა თუ ქალაქში კი გავრცელების საშიშროება ისეთი მაღალი იყო, რომ სატუმროებს მუშაობის საშუალება აღარ მიეცათ.(მაგ: სვანეთი, ყაზბეგი, ბათუმი)

აღსანიშვანია, რომ შემდეგი წლის გაზაფხულამდე საოჯახო სასტუმროების ამოქმედების განსაკუთრებული  პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა შესაძლოა, ზამთრის სეზონზე გუდაურისა და ბაკურიანის მცირე სასტუმროებმა შიდა ტურიზმის ხარჯზე შეძლონ მუშაობა. პანდემიის პირობებში ამის პროგნოზირებაც რთულია, რადგან კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო, სავარაუდოა, რომ ადამიანთა უმეტესობა გადაადგილებისაგან თავს შეიკავებს. ამას გარდა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დააწესოს მთავრობამ.

რამდენად ეფექტურია მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა?

კორონავირუსული პანდემიის პირობებში მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის და ეკონომიკის გადარჩენისკენ. აღნიშნული გეგმა სასტუმროების დახმარებასაც ითვალისწინებს. ეს დახმარება სესხების სუბსიდირებასა და გადავადებაში გამოიხატება. ამას გარდა, სასტუმროებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდათ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმროთა უმეტესობამ მუშაობა ვერც კი შეძლო, მათ საშემოსავლოს გადახდა არც კი მოუწევთ. ძირითად პრობლემად კი ამ სიტუაციაში ის გვევლინება, რომ შესაძლოა გადავადებული სესხების შემთხვევაში, სასტუმროს მეპატრონეებს საკმაოდ დიდი პროცენტული დანამატის გადახდა მოუწიოთ.

გიორგი კეპულაძემ სესხების გადავადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პროგრამა სასტუმროთა უმეტესობას გაკოტრებისაგან ვერ იხსნის. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზეც, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროები შესაბამისი პირობების არ ქონის გამო, საკარანტინე ზონებადაც ვერ მუშაობენ.

ერთი მხრივ, მთავრობამ გაკოტრებისაგან იხსნა სასტუმროები, რომლებიც საკარტინე ზონებად გადააქცია(სწორედ ამას გულისხმობს სასტუმროების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც რეალურად მცირე, საოჯახო თუ საშუალო ტიპის სასტუმრობისათვის არაფრის მომცემია). ხოლო მეორე მხრივ, მცირე სასტუმროების უმეტესობას „მაშველ რგოლად“ მხოლოდ სესხების გადავადება მოევლინათ, რაც სულაც არაა საკმარისი, რადგან საბოლოოდ ეს თანხა ისევ მათი გადასახდელია.

„გადასახადების გადავადება არ გულისხმობს გადასახადებზე მორატორიუმის გამოცხადებას. წლის ბოლოს იმ სასტუმროებსაც, რომლებმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც იმუშავეს, საშემოსავლოს გადახდაც მოუწევთ“, – აღნიშნა კეპულაძემ.

ასევე, არსებობს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამაც, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოშიმ“ შეიმუშავა. პანდემიის პირობებში, „აწარმოე საქართველოშიმ“ განახლებული პირობებით დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამაზე: „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“. პროგრამის მიზანია, მსგავსი ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქოს. რა თქმა უნდა, პროგრამაში გაწერილია პირობები, რომლის მიხედვითაც წყდება ესა თუ ის სუბიექტი შეძლებს თუ არა პროგრამაში მონაწილეობას. აღნიშნულ პროგრამაში მოხვედრა და გრანტის მიღება სასტუმროს ბევრ მეპატრონეს სურს. მოგებული გრანტით ისინი შეძლებენ სასტუმროები მომავალი დასვენების სეზონისათვის მაინც მოამზადონ.

დახმარების მექანიზმად უნდა აღვიქვათ ისიც, რომ მთავრობამ ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო. იმისათვის, რომ მათ თითოეულ კლიენტს გადახდის ინდივიდუალური მექანიზმი შესთავაზონ. თუმცა როგორც ბოლნისში მდებარე მცირე სასტუმროს -„გერმანული წისქვილი“ მეპატრონემ, ნინო ლეთოდიანმა აღნიშნა, ინდივიდუალური გადახდის სისტემა მანამდეც არსებობდა და ამაში მთავრობის ჩარევა სულაც არ იყო საჭირო.

„არამგონია ბანკებს რუპორის საჭიროება ჰქონდეთ. ისინი ინდივიდუალურ შემთხვევებზე ისედაც იღებენ სასტუმროს წარმომადგენლებს და კონკრეტულ გადახდის სისტემას გვაწვდიან. ახლა მნიშვნელოვანია ხალხს შეეძლოს თამამი ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვიტონ, რომ დასვენება უნდათ“, – აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.

ამას გარდა, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ჩემთან საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ მცირე სასტუმროებისათვის სესხების გადავადება რაღაც კუთხით კარგია. თუმცა ამ მხრივ მეორე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რაც გულისხმობს – გადავადებულ ვალდებულებებზე მორატორიუმის გამოცხადებას 2021-ის მეორე კვარტლამდე.

თბილისისა და რეგიონების მცირე სასტუმროები

ტურისტული ჯავშნების კუთხით, ვითარება თბილისისა და რეგიონების საოჯახო სასტუმროებში, განსხვავებულია. ცხადია, რომ წელს მცირე სასტუმროებმა ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე შეძლო ფუნქციონირება. თუმცა რეგიონებში (იქ სადაც კორონავირუსის კუთხით სტაბილური სიტუაცია იყო) ტურისტთა რაოდეობა გაცილებით მეტი გახლდათ, ვიდრე თბილისში. სავარაუდოა, რომ  ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი თბილისს, აჭარასა და მცხეთა- მთიანეთს მიადგა. 2020 წლის ზუსტი მონაცემები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა 2019 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ თბილისში, ადგილობრივი დამსვენებლების მხოლოდ 13% ჯავშნიდა სასტუმროებს, აჭარაში 31%, მცხეთა-მთიანეთში კი 24%. შესაბამისად, მსგავსი ლოკაციები უმეტესად საერთაშორისო ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი.(მონაცემები ეფუძნება galtandtaggart-ის მიერ მომზადებულ სტატისტიკას).

ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურისტების მხოლოდ 26% სტუმრობს მცირე თუ დიდ სასტუმროებს. ეს არის ძალიან ლიმიტირებული რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა კერძო სახლების ქირაობს და იქ დასვენებას ამჯობინებს(მონაცემები ეფუძნება galtandtaggart-ის მიერ მომზადებულ სტატისტიკას).

თბილისში არსებული ერთ-ერთი მცირე სასტუმროს თანამშრომელმა მაია გაბიძაშვილმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასტუმრო მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდა ანაზღაურება და სამედიცინო დაზღვევაც.

„სასტუმროს ნომრები დაჯავშნილი იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან. 5  ქვეყანასთან გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ამ ქვეყნებში წამოვიდა პანდემიის მეორე ტალღა. ამას კი ჯავშნების გაუქმება მოჰყვა. ამ ეტაპზე სასტუმრო არ ფუნქციონირებს და მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებს ვატარებთ“, – აღნიშნა სასტუმროს თანამშრომელმა.

ზემოთ ხსენებულ პრობლემაზე ვატო ასათაშვილმაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მცირე სასტუმროებმა თბილისის მასშტაბით სერიოზული ზარალი განიცადა, რადგან პირდაპირ უცხოელ ვიზიტორებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ზაფხულის სეზონზე რეგიონის საოჯახო სასტუმროებს გარკვეული  რაოდენობის ბრუნვები ჰქონდათ, რადგან შიდა ტურიზმმა რაღაც დოზით მაინც იმუშავა.

აღნიშნული ფაქტი არ უნდა აღვიქვათ ისე თითქოს რეგიონის სასტუმროებს პრობლემა არ ჰქონიათ , რადგან ბევრმა რეგიონულმა საოჯახო სასტუმრომ მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მცირე დატვირთვით ვერ ახერხებდნენ იმ ხარჯების დაფარვას, რაც სასტუმროს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ კოვიდ ინსტრუქციების დაცვა ყველა საოჯახო სასტუმრომ ვერ შეძლო. ინსტრუქციების გასაჯაროების შემდეგ მათ მიეცათ ვალდებულება სასტუმროს ტექნიკურ-მატერიალური ბაზის ადაპტირებისთვის. უმეტესობამ თავიდანვე ვერ შეძლო ამ ინსტრუქციების შესრულება და ამჯობინეს მუშაობა საერთოდ შეეჩერებინათ. მსგავსი შემთხვევებისათვის მთავრობას დახმარების ალტერნატიული მექანიზმი ნამდვილად არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მეპატრონეთა უმეტესობა 2020 წლის მეორე ნახევარზე, არც ივნისის დასაწყისში ამყარებდა განსაკუთრებულ  იმედებს. თბილისის მასშტაბით მეპატრონეთა 50%-ზე მეტი ვარაუდობდა, რომ წლის მეორე ნახევარში ჯავშნების რაოდენობა არ შეიცვლებოდა. რეგიონების მასშტაბით კი მსგავსი ვარაუდი 23%-მა გამოთქვა. სიტუაციას თუ გავაანალიზებთ მივხვდებით, რომ თბილისში ჯავშნების რაოდენობა მართალაც არ გაზრდილა, რეგიონების სასტუმროებმა კი მცირე დოზით მაინც მოახერხეს მუშაობა.(მონაცემები ეფუძნება galtandtaggart-ის მიერ მომზადებულ სტატისტიკას).

მცირე, საოჯახო თუ საშუალო სასტუმროების მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. პანდემიის პირობებში რთულია ვიმსჯელოთ, თუ როდის მოხერხდება საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში შემოსვლა. სამწუხაროდ, მხოლოდ შიდა ტურიზმით სასტუმროები ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და საბოლოოდ გაკოტრებამდეც კი მივლენ. მითუმეტეს, რომ შიდა ტურიზმის შემთხვევაშიც უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით. მაგალითად, გადაადგილების შიშს ვირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე და ფინანსების უქონლობასაც.

 

ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …