მტკიცებულებები, განგაში და დებატები ელექტრონული თამბაქოს შესახებ

თბილისი (BPI) – ნიკოტინის ვეიპინგი, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე უვნებელია, მაინც წარმოადგენს გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივას წვად სიგარეტებთან შედარებით, იმ ზრდასრული მწველებისათვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას.

დღეს დადგა დრო საფუძვლიანი განგაშისა, როდესაც ორი შემაშფოთებელი და მკვეთრი ეპიდემიოლოგიური მოვლენა უკავშირდება ელექტრონულ სიგარეტს (ე.წ. „ვეიპინგს“): ვეიპინგის ზრდა ახალგაზრდებს შორის და ფილტვის მწვავე დაავადებებისა და სიკვდილიანობის უეცარი აფეთქება აშშ-ში, რომელიც უმეტესწილად ასოცირდება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) ვეიპინგთან და წარმოადგენს კანაფის მთავარ ფსიქოაქტიურ კომპონენტს. ვეიპინგის განხილვისას, ხშირად, მხედველობის მიღმა რჩება განსხვავება ნიკოტინსა და THC-ს შორის, ზრდასრულებსა და ახალგაზრდებს შორისა და ასევე, საცალო ვაჭრობის ქსელსა და შავ ბაზარზე შეძენილ პროდუქციას შორის. ამ გამოწვევებთან გამკლავებისას ვდგებით საფრთხის წინაშე, რომ ეს საფუძვლიანი განგაში გადაიქცევა პანიკად, უგულებელყოფილი იქნება მტკიცებულებების მთელი კასკადის ფრთხილი ანალიზი და ყურადღება გამახვილდება მხოლოდ დამაშინებელ ფაქტორებზე, რაც ხელს შეუწყობს კონტრპროდუქტიული პოლიტიკის შემუშავებას. წვდომისა და მიმზიდველობის შეზღუდვა ნაკლებად საზიანო ვეიპინგ პროდუქტებისათვის, მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, სასიკვდილოდ მავნე სხვა პროდუქტების დაშვება ბაზარზე – ნამდვილად ვერ დაიცავს საზოგადოების ჯანმრთელობას. ამ მიდგომას შეუძლია შეაჩეროს ამჟამინდელი ტენდენცია სიგარეტის გადაგდებისა და სხვა ნაკლებად საზიანო ალტერნატივებზე გადართვისგან.

წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზოგიერთი ლიდერი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამერიკაში იმ ზრდასრულთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც არჩევდნენ არომატიზებული სითხეების ვეიპინგს. დისკუსიის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა შემდეგი: რამდენად საფრთხის შემცველია ვეიპინგის მოწყობილობა, რომელიც არ წვავს თამბაქოს და მხოლოდ ახურებს სითხეს, რომლებიც შეიცავენ გარკვეული გემოების, ნიკოტინის ან/და THC-ის არომატების კომბინაციას და უნდა იქნას თუ არა აღქმული, როგორც შუწყნარებელი საფრთხე არამწეველი ახალგაზრდებისათვის, თუ შესაძლებელია ამ მოწყობილობების გონივრული რეგულაცია, რაც საშუალებას მისცემს მწეველ ზრდასრულებს ჰქონდეთ წვდომა ნაკლებად მავნე ალტერნატივასთან, სასიკვდილო და წვადი სიგარეტების ჩასანაცვლებლად.

მიმდინარე ზაფხულს, ამ დისკუსიების ტონალობა მკვეთრად შეიცვალა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მიუთითა უეცარი რესპირატორული დაავადებების სერიოზული და ხშირ შემთხვევებში სასიკვდილო კლასტერები. 2019 წლის 4 დეკემბერს, ამავე ცენტრმა განაცხადა 2291 შემთხვევისა და 48 გარდაცვალების ფაქტის შესახებ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გააფრთხილეს მომხმარებლები არ გამოიყენონ ვეიპინგისათვის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) ან სხვა სითხე, რომლებიც შეძენილ იქნა ქუჩაში თუ სხვა გაურკვეველი წარმომავლობის წყაროებისაგან. მიმდინარე გამოძიების პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზების დადგენას, ცენტრმა გამოავლინა ვიტამინ E-ს აცეტატი, THC დანამატი პროდუქტი, როგორც „შემაშფოთებელი ქიმიკატი.“ ნიკოტინი ან ვეიპინგის არომატიზებული სითხეები ჯერჯერობით არ დასახელებულა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობდა და არ იყო დასრულებული, ამკრძალავი ღონისძიებების მიმართ ინტერესი გაძლიერდა. მასაჩუსეტსმა აკრძალა ვეიპინგის ნიკოტინის ყველა პროდუქტის გაყიდვა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ საიტებიდან 2020 წლის იანვრამდე. სან ფრანცისკო აკრძალავს ნიკოტინის ვეიპინგ პროდუქტებს 2020 წლის დასაწყისიდან. მიჩიგანმა აკრძალა ყველა არომატი ნიკოტინის პროდუქტისათვის (გარდა თამბაქოს არომატისა, რომლის მიზანიცაა ელექტრონულ სიგარეტს შესძინოს წვადი სიგარეტის ნამდვილი გემო), მაგრამ არა THC-თვის. ოჰაიომ შესაძლოა აკრძალოს მენთოლისა და პიტნის არომატები ელექტრონულ სიგარეტებში, მაშინ როცა ნებას რთავს მათ გამოყენებაზე უფრო მავნე სიგარეტებსა და სიგარელებში. ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ მოითხოვა ვეიპინგის ყველა პროდუქტის სრული აკრძალვა. ნიუ-იორკ სიტი ხდება ყველაზე მსხვილი იურისდიქცია, რომელმაც აკრძალა არომატიზებული ნიკოტინის ყველა პროდუქტი ვეიპინგისათვის, მათ შორის მენთოლიც, თუმცა არჩია არ დაედო აკრძალვა მენთოლის წვად სიგარეტებში გამოყენებაზე. მონაწილეობის სურვილით მოტივირებული თეთრი სახლიც კი გამოვიდა წინადადებით, რომელიც მოიცავდა შესაძლო აკრძალვას ვეიპინგის არომატიზებული ნიკოტინის ყველა პროდუქტზე, გარდა თამბაქოს გემოსი, რისგანაც თავი შეიკავა ამ ცოტა ხნის წინ. მსგავსი რადიკალური ღონისძიებები გატარებულ იქნა მიმდინარე დებატების ფონზე, რომელიც შეეხება მსგავსი ჩარევების ზეგავლენას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

ზიანის შემცირების სადავო ისტორია
ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები ზიანის შემცირების, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ, რომელიც გულისხმობს სიცოცხლისათვის მავნე ქცევის ზიანის შემცირებას უფრო უსაფრთხო, თუმცა არც მთლად უსაფრთხო, ალტერნატიული საშუალებით ჩანაცვლებით. მაგალითად, მიუხედავად თვალსაჩინო, თუმცა ხშირ შემთხვევებში არასაკმარისი მტკიცებულებებისა, რომელიც ცხადყოფდა შპრიცების გაცვლის პროგრამის ეფექტურობას შიდსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ – საჭირო გახდა ათობით წელი წინააღმდეგობის გადასალახად და ინტრავენური ნარკომანებისათვის სტერილური შპრიცების დარიგების სქემის ასამუშავებლად. შპრიცების გაცვლის მიმართ წინააღმდეგობა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც მტკიცებულებები საჯაროდ გამოვიდა სააშკარაოზე და აღნიშნული პროგრამები კარგა ხანს განიცდიდნენ არასტაბილური ფედერალური დაფინანსების პრობლემას.

წვად თამბაქოს პროდუქტზე დამოკიდებული პირებისათვის ზიანის შემცირება წარმოადგენს პრაგმატულ მიდგომას. 1950 წლიდან მოყოლებული ადრეულ 1980-იანებამდე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ე.წ. „უსაფრთხო“ წვად თამბაქოზე ამყარებდნენ დიდ იმედებს. ეს იმედი მალევე გაქრა მამხილებელი მტკიცებულებების ამოტივტივების შემდეგ, რომელმაც ცხადყო თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მასობრივი მოტყუების ფაქტები მსუბუქი და დაბალკუპრიანი სიგარეტების შესახებ. 1990 წლიდან ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიებზე (NRTs) წვდომა გამარტივდა. ეს თერაპიები მოინათლა, როგორც სამედიცინო მკურნალობა და როგორც ზიანის შემცირების მიდგომა და ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროები მზად იყვნენ დაეშვათ ნიკოტინის სამუდამო მოხმარება, საჭიროების შემთხვევაში.

როდესაც ვეიპინგის პროდუქტები პირველად გამოვიდა ბაზარზე, დებატები ზიანის შემცირებაზე განახლდა. პირველი წლების განმავლობაში, ამ ახალი ტექნოლოგიების შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები მრავლად არ მოიპოვებოდა. ზოგი ამ ტექნოლოგიებში ხედავდა გამოსავალს მწეველ ზრდასრულთათვის, თუმცა უმეტესობამ ფრთხილი პოზიცია დაიჭირა იმ მოსაზრებით, რომ თავდაპირველად საჭირო იყო გარკვეული სარწმუნოობა მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
მეცნიერული კვლევების გამოქვეყნებასთან ერთად და იმისათვის, რომ ახალ პროდუქტს გაყიდვის უფლება მინიჭებოდა, ბევრი, ვინც სკეპტიკურად აღიქვამდა ნიკოტინის ვეიპინგს, საჭიროებდა უფრო თვალსაჩინო მტკიცებულებას ამ პროდუქტების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში დასარწმუნებლად, რომ პროდუქტი არ მოუტანდა დიდ ზიანს მოსახლეობას, სარგებელის ნაცვლად და არ მოახდენდა მოწევის ხალახალ ნორმალიზებას. დროის გასვლასთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ბუნდოვანება მაინც არსებობდა, ზიანის შემცირების მხარდამჭერნი გახდნენ აქტიური მოსურნენი ალტერნატიული შესაძლებლობის შექმნისა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ახლად აღმოცენებული მეცნიერული მიღწევები საკმარისად ძლიერი იყო, ხოლო მასობრივი და აცილებადი სიკვდილიანობის დანაკარგი იმდენად მაღალი და საშური, რომ სარგებელი გადაწონიდა ზიანს.
ნიკოტინის ვეიპინგის პოპულარობა იზრდებოდა იმის პარალელურად, რომ პროდუქტები უფრო მომხიბვლელი ხერხებით აწვდიდნენ ნიკოტინს მომხმარებელს (მაგ: არომატიზებული სითხეები) ან უფრო ეფექტური საშუალებებით (მაგ: ნიკოტინის შეწოვამ დაიწყო წვადი თამბაქოს პროდუქტების ეფექტის იმიტირება). ამის პარალელურად, სისტემატურად მიმოიხილებოდა დაგროვილი მეცნიერული ცოდნა, რომელიც ცხადყოფდა, რომ მართალია ეს პროდუქტები არ იყო უსაფრთხო, მაგრამ იყო გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე წვადი თამბაქოს ნაწარმი. ეს პროდუქტები გახდა უფრო პოპულარული და უფრო ეფექტური, ვიდრე სამედიცინო თერაპიის კურსები (NRTs), მწეველებისათვის მოწევის დანებების პროცესში.
აშშ-ს FDA-მ (სურსათისა და მედიკამენტების ასოციაცია) და დიდი ბრიტანეთის PHE-მ (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო), რომლებიც ყურადღებით აჯამებდნენ მტკიცებულებებს, გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ზიანის შემცირებისადმი და ხაზი გაუსვეს რისკის უწყვეტობის აღიარების მნიშვნელობას და განსაკუთრებით წვადი თამბაქოს პროდუქტების არსებობას რისკის ამ კონტინუუმის ბოლოში. ნიკოტინის ვეიპინგის ყველაზე ადრეულმა სკეპტიკებმაც კი შეცვალეს დამოკიდებულება და დაიწყეს მეცნიერული მტკიცებებულებისადმი სათანადო ყურადღების დათმობა, რომელიც ეხმიანებოდა ზიანის შემცირების მიდგომის გარშემო არსებულ ბუნდოვანებას. თუმცა, ჯერ ისევ არსებობდა ფართო სპექტრი იმისა, თუ რა მოიაზრებოდა ზიანის შემცირებად. მაგალითად, ზოგი მიდგომა გულისხმობდა ნიკოტინის ვეიპინგის პროდუქტების წვადი თამბაქოს პროდუქტების მსგავსი ნიხრით დაბეგვრას (ზოგმა ამ მიდგომას უწოდა „ზიანის შემცირება მხოლოდ სათაურში“). სხვა შეთავაზება მოიაზრებდა ვეიპინგის პროდუქტების დაბეგვრის გარეშე დატოვებას, თუმცა მოითხოვდა წვადი თამბაქოს ნაწარმის ორმაგ დაბეგვრას, რათა მწეველებისათვის გადასვლის ბიძგი მიეცათ. ენთუზიაზმისა და მზადყოფნის განსხვავებული სიძლიერის მიუხედავად, ზიანის შემცირება გახდა თანამედროვების ახალი სასაუბრო ენა (lingua franca) 2017 წლისათვის.

უსიამოვნო დაძაბულობა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზიანის შემცირების, როგორც გარკვეული პოლიტიკის სასაუბრო ენის გამოყენების კომფორტი გაქრა მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები გამოვლინდა სააშკარაოზე და დანაპირებსა და საფრთხესაც – წვადი თამბაქოს საპირწონედ უფრო უსაფრთხო ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული საშუალების არსებობის შესახებ, რისიც გვჯეროდა ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის განმავლობაში – ხორცი შეესხა ორი ერთმანეთის თანმდევი მოვლენის გადაკვეთის წერტილში: მზარდი ვეიპინგისა ახალგაზრდებში და ფილტვების მწვავე დაავადებებისა და სიკვდილიანობის მატებისა.

იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებიც არ მოწევდნენ ან არ გამოიყენებდნენ ნიკოტინს სხვა ფორმით, ვეიპინგს არ მოაქვს არანაირი სარგებელი და ატარებს ზიანის რისკებს, როგორიცაა ნიკოტინზე დამოკიდებულების გამოწვევა და საბოლოოდ წვადი თამბაქოს პროდუქტებზე გადასვლის შესაძლებლობა. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო მკვეთრი ზრდა სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებში, რომელთაც დაადასტურეს ვეიპინგის გამოყენების გარკვეული რაოდენობა ბოლო 30 დღის განმავლობაში, რა მაჩვენებელიც 2017 წელს შეადგენდა 11.7%-ს, ხოლო 2019 წელს გაიზარდა 27.5%-მდე. როგორც მოსალოდნელი იყო, ვეიპინგის უმეტესი შემთხვევა არ არის ხშირი (ექსპერიმენტულია). მართალია, ვეიპინგსა და მოწევას შორის დადებითი ასოციაციები არსებობს, თუმცა მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე კვალავაც დაუდგენელი რჩება და ასევე არ არსებობს კონსენსუსი, თუ რამდენადაა შესაძლებელი რომ მსგავსი ასოცოციაცია გახდეს მიზანმიმართული გზამკვლევი“ მოწევისაკენ. ვეიპერების უმეტესობა (ექსპერიმენტატორების დაახლოებით 60% და რეგულარული ვეიპერების 89%) ასევე არიან მწეველები ან ყოფილი მწეველები. გათვლები რთულია: ისეთი პოლიტიკის პირობებში, როდესაც ვეიპინგის ნიკოტინის პროდუქტებისა და ყველა სახის თამბაქოს (უკვამლო იქნება ეს თუ წვადი) შეძენა ლეგალურადაა შესაძლებელი 18 წლის ასაკში და ამასთან ნებისმიერ ტერიტორიაზე, 12-ე კლასელების უმეტესობა, რომლებიც ეწევიან ელექტრონულ სიგარეტს, ამას კანონიერად სჩადიან. ამავდროულად, ახალგაზრდებში მწეველთა რაოდენობა მნიშვნელოვანი სისწრაფით დაეცა იმ წლების განმავლობაში, როდესაც ვეიპინგი ყველაზე მეტად იყო პოპულარული (2013-2019), განსხვავებით წინა წლებისაგან და ამავე პერიოდში მიაღწია რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს, რაც მიანიშნებს, რომ ნიკოტინის ვეიპინგი შესაძლოა უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე სიგარეტის რეკლამა.
ჩვენ ვიზიარებთ არსებულ ძლიერ შეშფოთებას ახალგაზრდებში ვეიპინგის ტრენდის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით (ზოგი ამას ეპიდემიას უწოდებს და მიუთითებს კვლევებზე, რომლებიც მას განიხილავს როგორც შესაძლო, თუმცა დაუსაბუთებელ და მიზანმიმართულ გზამკვლევს მოწევისაკენ) და ასევე პოპულარიზაციას ვუწევთ ზიანის მინიმიზაციასა და მართვას. ჩვენ, ასევე ვაცხადებთ, რომ ყველა არსებული მონაცემის დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ვეიპინგის ნიკოტინის პროდუქტების მიერ მოტანილი სარგებელი გადაწონის ახალგაზრდებისათვის ზიანის მიყენების დაუსაბუთებელ შიშს.
ახალგაზრდებისათვის ვეიპინგის მიერ ზიანის მიყენების საკითხში გარკვევას ართულებს მონაცემები, რომლებიც უჩვენებს რომ ზოგი ახალგაზრდა მხოლოდ არომატიზებულ პროდუქტებს იყენებს ვეიპინგისათვის (ნიკოტინის ან THC-ს გარეშე), ხოლო 41.8% ვეიპერი ახალგაზრდებისა ადასტურებს THC-ს გამოყენებას. აშშ-ს ზოგიერთ შტატში კანაფი ლეგალიზებულია ზრდასრულებისათვის, ხოლო სხვა შტატებში კვლავაც არალეგალურია. დამანგრეველია შავი ბაზრის გავლენა, რომელიც წარმოადგენს THC-ზე დაფუძნებული და დაბინძურებული ზეთების წყაროს. მართალია THC-ის ზეთებში შემავალი სითხეები და დანამატები განსხვავებულია და გაცილებით მეტად მავნეა ვიდრე ისინი, რომლებიც ათი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ გამოიყენებოდა კომერციული ნიკოტინის პროდუქტებსა თუ არომატებში, მაგრამ არალეგალურ და არაკონტროლირებად წყაროსაგან პროდუქტის შეძენა კიდევ უფრო მეტ უცნობ რისკს ატარებს. საშური პრობლემაა თინეიჯერებში ვეიპინგის მზარდი ტენდენციის საკითხი, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებმა უნდა გაითვალისწინონ განსხვავება ნიკოტინსა და THC-ს შორის, ისევე როგორც სხვაობა სავაჭრო ობიექტებსა და შავ ბაზარზე შეძენილ პროდუქტებს შორის. არალეგალური ბაზარი იძლევა წვდომას ორივეზე – THC-სა და ნიკოტინზე დაფუძნებულ პროდუქტებზე, რომელთა ფასი გაცილებით დაბალია ლეგალურ სავაჭრო ობიექტთან შედარებით. მომხმარებლებს აქ ისეთი პროდუქტის შეძენა შეუძლიათ, რომელიც ლეგალურ მაღაზიაში არ მოიპოვება. შავ ბაზარზე ასაკი არ წარმოადგენს ბარიერს ყიდვისათვის. უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ აკრძალვების პირობებში ზრდასრული ვეიპერები გადადიან მოწევაზე. რეგულაცია თავისთავად აჩენს შავი ბაზრის გაჩენის შესაძლებლობას, მაგრამ რეგულაციისაკენ გადახრა შავ ბაზარს მეტნაკლებ მომხიბვლელობას შესძენს და გარკვეულ ზიანს მოუტანს მომხმარებლებს, იქნებიან ეს ახალგაზრდები თუ ზრდასრულები.
ზრდასრული მწეველების შემთხვევაში, არსებობს მყარი მეცნიერული მტკიცებულება რომ ნიკოტინის ვეიპინგი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მოწევა. 2018 წლის ანგარიშში, რომელიც მომზადებული იყო აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის (NASEM) მიერ და FDA-ს დაკვეთით, ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურად მიმოიხილავდა მეცნიერულ მტკიცებულებებს. კვლევა ადგენდა, რომ „არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ წვადი თამბაქოს ნაწარმის საბოლოო ჩანაცვლება ვეიპინგის ნიკოტინით ამცირებს მომხმარებლის დაქვემდებარებას რამოდენიმე ტოქსინსა და კანცეროგენებზე, რომლებიც მოიპოვება წვადი თამბაქოს სიგარეტებში“, რაც ასევე შეესაბამება სხვა თვალსაჩინო მტკიცებულებებსა და სისტემატური მიმოხილვის შედეგებს.
მაგრამ სხვა საკითხი იყო ის, თუ რა გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე NASEM-ის ასეთი შემართება ზიანის შემცირების მიმართ. NASEM-ის ანგარიშის ზოგიერთმა ავტორმა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ არსებული გაურკვევლობით და განსაკუთრებით კი, მზარდი და მაღალი რისკების გამო ახალგაზრდობისათვის, მკაფიოდ აღნიშნეს, რომ მათი მიგნებები არ უნდა ყოფილიყო განზოგადებული, როგორც ზიანის შემცირების ყოვლისმომცველი მიდგომა. PHE-ს მიერ თანადროულად ჩატარებული სისტემატური მიმოხილვა განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა იმ დაპირებასთან დაკავშირებით, რომ ნიკოტინის ვეიპინგი წარმოდგენდა მოწევის გაცილებით უსაფრთხო ალტერნატივას, მას შემდეგ რაც სხვაგვარად შეაფასა ახალგაზრდობისათვის არსებული რისკები.

შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს ნიკოტინის უკვამლოდ ვეიპინგის ხანგრძლივვადიანი შედეგების ბოლომდე გამოვლენას. ამასთან, ბევრი დავობს, რომ უკვე საკმარისი ცოდნაა დაგროვებული და ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ყოველდღიურად ძალზედ ბევრი მწეველი იღუპება და რომ გვიანდება ქმედითი და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, თანამედროვე მეცნიერული მიღწევებზე დაყრდნობით. მრავალი ჩატარებული სადამკვირვებლო კვლევისა თუ შემთხვევითი შერჩევის ცდის შედეგად დადგინდა, რომ ნიკოტინის ვეიპინგი უფრო მიმზიდველი და ეფექტურია, ვიდრე NRT თერაპიები მოწევის გადაგდებისათვის. ვეიპინგის არომატები, ნიკოტინით თუ ნიკოტინის გარეშე, შესაძლოა იზიდავდეს ახალგაზრდებს, მაგრამ არომატები ასევე იზიდავენ ზრდასრულებს, რაც მათ ეხმარება მოწევის სხვა ფორმაზე „გადასვლაში“. მტკიცებულებებმა გამოავლინა, რომ მწეველთა დიდმა უმრავლესობამ, რომელებიც წარმატებით და სრულად გადავიდნენ წვადი სიგარეტების მოწევის ჩვევიდან ვეიპინგზე – ამას მიაღწიეს კვირების, თვეების ან წლების განმავლობაში ორივე მეთოდის გამოყენების შედეგად. მწეველებმა ამას მიაღწიეს თამბაქოს ან მენთოლის არომატიანი სითხის ვეიპინგიდან სხვა გემოებზე გადასვლით და ხშირად ნიკოტინის ნაკლები კონცენტრაციის ან სულაც ნიკოტინის გარეშე შემცველობის პროდუქტებით ჩანაცვლებით, იმისათვის რომ შეემცირებინათ ის გამაღიზიანებელი ფაქტორები, რაც ყოფილ და ჩვეულ მოსაწევ პროდუქტს ახსენებდათ.
წინსვლა
თვალსაჩინო მტკიცებულებების არქონის პირობებში, გარკვეული პოლიტიკის შემუშავება უნდა გულისხმობდეს კომპრომისებსაც. პოლიტიკის გატარება გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასოდეს მოუწევიათ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე. მას ასევე ექნება ზეგავლენა ამჟამინდელ და მომავალ მწეველებზე. წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 1 მილიარდი მწეველი ნაადრევად გარდაიცვლება 21 საუკუნეში. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სიღრმისეული გათვლები და მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტების აწონ-დაწონა განაპირობებს ოპტიმალური ბალანსის მიღწევას. შესაბამისად, საჭიროა ნიკოტინის ვეიპინგის პროდუქტების სრული რეგულაცია, რომელზეც წვდომა აქვთ მწეველებს და ამავდროულად, ქმედითი ღონისძიებების გატარება ახალგაზრდებისათვის რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც აიტაცა ნიკოტინის ვეიპინგით ზიანის შემცირების მიდგომა, როგორც წვადი თამბაქოს უსაფრთხო ალტერნატივა, მოახერხა შესაბამისი რეგულაციების გატარება და ამგვარად, შეძლო ახალგაზრდების მიერ ნიკოტინის მიღების მართვა და ზრდასრულების მიერ მოწევის შეწყვეტისათვის ხელის შეწყობა. დიდი ბრიტანეთი, იყენებს შეტყობინების სისტემას MHRA-ს (მედიკამეტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო) მეშვეობით, რომელიც მწარმოებლისაგან მოითხოვს ბაზარზე შესატანი ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას. დიდი ბრიტანეთი, ასევე, კრძალავს THC-ს პროდუქტების გაყიდვას. არასასურველი მოვლენების შეტყობინების გარდა, სააგენტო MHRA იყენებს ვებგვერდს, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ გადაამოწმონ რამდენად ლეგალურია მოცემული პროდუქტის გაყიდვა. დიდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციები შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის სექტორი, სარეკლამო ინდუსტრია და რეგულაციების სისტემები განსხვავდება დიდი ბრიტანეთისაგან, შეგვიძლია გავითვალისწინოთ ღონისძიებების გატარების მათი გამოცდილება პირდაპირი აკრძალვის ნაცვლად. საჭიროა შემუშავდეს რეგულაციის ინფრაქტრუქტურა შეერთებული შტატებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბაზარზე პროდუქტების მაქსიმალური უსაფრთხოობა. FDA-მ უნდა შეიმუშავოს პროდუქტების მონიტორინგის სისტემა ან მწარმოებლებს მოსთხოვოს ჩაატარონ პროდუქციის შემოწმება თამბაქოს კონტროლის აქტის 915-ე მუხლის თანახმად. პროდუქციის გონივრული სტანდარტები (არც დამამძიმებელი და არც ძალიან მსუბუქი) საჩქაროდ უნდა იქნას შემუშავებული, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის მიერ, ვეიპინგის ნიკოტინის პროდუქტებისათვის, როგორც ცალკე კლასისა.

მენთოლი ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გემოა, როდესაც საქმე ეხება ორივე – ზრდასრულ და ახალგაზრდა მწეველებს. მიუხედავად FDA-ს მიერ ჩატარებული ორი ანგარიშისა, რომელიც რეკომენდაციას უწევდა მენთოლის გაყიდვის აკრძალვას გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში, მოხდა პოლიტიკის პარალიზება გამაოგნებელი მტკიცებულებების ფონზე: მთელი ახალგაზრდობის 52% და აფრო-ამერიკელი ახალგაზრდების 90%-ზე მეტი იწყებს მოწევას მენთოლით. თუკი ვგეგმავთ პოლიტიკის გატარებას გემოებზე, ასეთ შემთხვევაში, პირველი უნდა დავიწყოთ მენთოლით გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში.
ნიკოტინის ვეიპინგის გამოწვევა, ასევე, მოითხოვს ზედამხედველობის მკაცრი სისტემის შემუშავებას, რომელმაც შესაძლოა მარტივად გამოამჟღავნოს გაუთვალისწინებელი ზიანი ადრეულ ეტაპზე, როგორც ეს ფარმაცევტულ სექტორში გვერდითი მოვლენების ზედამხედველობის შემთხვევაში ხდება. მართალია, ორივე CDC-ც და FDA-ც, კვლევებსა და სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობთ, პირდაპირ ასახელებენ ფილტვის უეცარი, სერიოზული და სასიკვდილო დაზიანებების გამომწვევ მიზეზს, არსებობს რისკი რომ მომავალში გაჩნდება დამატებითი გართულებებიც. ვიტამინ E-ს აცეტატი შესაძლოა არ იყოს ერთადერთი საფრთხისშემცველი ქიმიკატი. განგრძობადი ზედამხედველობა საუკეთესო საშუალებაა ზიანის გამოსავლენად იმ სიტუაციაში, როდესაც შესაძლოა არასოდეს გვქონდეს სრული სარწმუნოობა უსაფრთხოებაზე.
არც ერთმა ახალგაზრდამ (პოლიტიკის გათვალისწინებით, 21 წლამდე ასაკის ადამიანები) არ უნდა გამოიყენოს ნიკოტინი არანაირი ფორმით (მიუხედავად იმისა ვეიპინგს მიმართავს თუ უფრო საზიანო მოწევას) ან THC ნებისმიერი ფორმით. ამერიკაში მოქმედი ამჟამინდელი კანონები ზღუდავენ ალკოჰოლის მიყიდვას 21 წლის ან უფრო ასაკოვან მომხმარებელზე. აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტმა, 2015 წელს, გამოაქვეყნა ანგარიში სადაც მიუთითა, რომ 21 წლამდე თამბაქოს გაყიდვის შეზღუდვა შეამცირებდა თინეიჯერების მიერ თამბაქოს გამოყენებას და გადაარჩენდა მრავალ სიცოცხლეს. 21 წლის ასაკამდე თამბაქოს გაყიდვის შეზღუდვის დაწესების ჩაგდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სრულიად მიუღებელია. დაბეგვრა ასევე დადასტურებულად ეფექტური საშუალებაა, რომელიც ძვირადღირებული ფასის გამო ახალგაზრდებისათვის მიუწვდომელს ხდის პროდუქტს. ვეიპინგის ნიკოტინის დაბალი დაბეგვრა, წვადი თამბაქოს პროდუქტების ნიხრთან შედარებით, ასევე დაეხმარება თინეიჯერებისათვის მასზე წვდომის შემცირებას, მაგრამ კვლავაც დარჩება ბიძგად ზრდასრულთათვის მოწევის სხვა ფორმაზე გადასასვლელად. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნიკოტინის ვეიპინგის აბსოლუტური და შესაძლო ზიანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მოწევის ზიანთან შედარება, რათა მწეველებმა შეძლონ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. და ასევე, ახალგაზრდებზე გათვლილი და მტაცებლური მარკეტინგი უნდა იქნას აკრძალული.
თუმცა, შესაბამისი რეგულაციების მიღება და ახალგაზრდებისათვის წვდომის შეზღუდვა აშშ-ს მხოლოდ პრობემების ნაწილს გადაჭრის. მიუხედავად იმისა, რომ ვეიპინგის THC-ს პროდუქტები არ წარმოადგენენ არც ნიკოტინის და არც თამბაქოს პროდუქტებს, ისინი მაინც უნდა იქნას რეგულირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნემსის ყუნწში გაძრომა
ყოველდღიურად, ამერიკაში 2500-ზე მეტი თინეიჯერი იწყებს მოწევას, ხოლო 1300 ზრდასრული ამერიკელი, რომელთაც ვერ დაანებეს თავი მოწევას, ნაადრევად კვდება; 5.6 მილიონი ამერიკელი ახალგაზრდა შეეწირება მოწევას და შეავსებს იმ 35 მილიონი აშშ-ს მწეველი და ზრდასრული მოქალაქეების სტატისტიკას, რომელთაგან ნახევარი ნაადრევად გარდაიცვლება, მიუხედავად ახალგაზრებისათვის თამბაქოზე წვდომის შეზღუდვისათვის გატარებული ღონისძიებებისა. 16 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაავადებულია მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით, როგორიცაა კიბო, ემფიზემა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები და სხვა ქრონიკული და გამომფიტავი დაავადებანი.
ყველაზე კონსერვატიული გათვლების მიხედვით, თუკი ვეიპინგის ნიკოტინი შეცვლიდა მოწევის მეტ წილს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, თავიდან იქნებოდა აცილებული 1.6 მლნ ნაადრევი სიკვდილი და 20.8 მლნ სოცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდებოდა და ეს მხოლოდ აშშ-ში. ყველაზე დიდი მიღწევა იქნებოდა ახალგაზრდებში. მთელ მსოფლიოში, 8 მილიონი მწეველი გარდაიცვლება ნაადრევად სიგარეტის მოწევისაგან, არა თავად ნიკოტინისაგან და ეს მხოლოდ 2019 წელს. ნიკოტინის მიწოდების არაწვადი ფორმების მართებული რეგულირებისა და ინოვაციური ღონისძიებების გატარება მოიტანს უზარმაზარ სარგებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფილტვების მწვავე დაავადებებისა და სიკვდილის მზარდმა რაოდენობამ, რომელიც THC-ის ვეიპინგის არალეგალურ კარტრიჯებთანაა დაკავშირებული, სამართლიანად გამოიწვია სათანადო პოლიტიკის შემუშავების მოთხოვნის იმპულსები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის მოწყობილობის, ყველა ტიპის სითხის (ნიკოტინით თუ მის გარეშე, THC-ით ან მის გარეშე) თუ თამბაქოს გარდა სხვა არომატების ყოვლისმომცველი აკრძალვა შვებას მოგვრის ჩვენს კოლექტიურ შეგრძნებას, რომელიც პრობლემაზე გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს და ახალგაზრდობის დაცვის სურვილითაა განპირობებული, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში გარემო ძალზე შეიცვალა. გათვლები აღარაა მიმართული მხოლოდ ნიკოტინის ვეიპინგზე. შეთავაზებულ გადაწყვეტას, რომელიც ერთად მოიაზრებს ვეიპინგის THC-ის ზეთებს, ნიკოტინსა თუ სხვა არომატებს და ფოკუსირდება მოსახლეობის მცირე ნაწილზე, შესაძლოა მხედველობიდან გამორჩეს მთელი მოსახლეობის მომცველი საჭირბოროტო საკითხები და გამოიწვიოს მეტ ზიანი ვიდრე სარგებელი.

როგორი სპეციფიკური ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს ადგილობრივ, სახელმწიფო, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, ეს რეგულაციები თუ პოლიტიკა უნდა იყოს რისკების პროპორციული. წვადი თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მავნეა ნიკოტინის ზიანის ხაზიდან, უნდა იყოს გაცილებით აგრესიულად და მკაცრად რეგულირებული, ვიდრე ნაკლებად მავნე არაწვადი ნიკოტინის პროდუქტები. ის პოლიტიკა, რომელიც ვერ შეძლებს ამ განსხვავების უზრუნველყოფს, ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

 

ავტორები: ემი ფეარჩაილდი; შერილ ჰილტონი; ჯეიმს ქარანი; დევიდ აბრამსი; რონალდ ბეიერი

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …