მსოფლიო ბანკი – ეროვნული ბანკის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საბანკო სექტორის მდგრადობას

მსოფლიო ბანკმა, საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამის (Financial Sector Assessment Program (FSAP) ფარგლებში, საფინანსო სექტორის შეფასების (FSA) დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა. ანგარიშში აღნიშნულია:

  • “საბანკო სექტორი პანდემიის პირობებში კვლავ მდგრადია, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან პროაქტიული ნაბიჯების გადადგმითაა განპირობებული. ბოლო FSAP-ის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა, ბაზელ III-ის ძირითადი სტანდარტების და სხვა პრუდენციული მოთხოვნების დანერგვის შედეგად, გააძლიერა საფინანსო სექტორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ასევე გაძლიერდა მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო. შედეგად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ნაკრები სრულყოფილია.
  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, პრუდენციული ღონისძიებების შედეგად უცხოურ ვალუტაში შუამავლობის სტიმულები შემცირდა.
  • 2020 წელს, პანდემიის გათვალისწინებით, სებ-მა ბანკებს სესხებზე მოსალოდნელი დანაკარგებისთვის წინასწარ საერთო რეზერვის შექმნისკენ მოუწოდა. ეროვნულმა ბანკმა შეზღუდა კაპიტალის განაწილება და გამოათავისუფლა ბანკების კაპიტალის ბუფერის ნაწილი. მარეგულირებლის ამ ღონისძიებებმა, ეკონომიკის მნიშვნელოვან ფისკალურ და მონეტარულ მხარდაჭერასთან ერთად, ხელი შეუწყო საბანკო სექტორის მდგრადობას, რასაც FSAP-ის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის სტრეს-ტესტების შედეგებიც მოწმობს”.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგულირების პროცესი, 2017 წლიდან რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, რასაც კორპორაციული მმართველობის კოდექსის და რისკების შეფასების ზოგადი პროგრამის (GRAPE) დანერგვა უმაგრებს ზურგს.

“ეროვნულმა ბანკმა ფინტექის განვითარების ხელშესაწყობად პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, მათ შორისაა შესაბამისი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც  მონიტორინგს უწევს ბაზრის განვითარებას, თვალყურს ადევნებს შესაძლო რისკებს და ფინტექთან დაკავშირებული ინიციატივებითაც გამოდის. სებ-ის “ღია რეგულირების” მიდგომის მიზანია, რომ ინოვაცია და რისკი მოქნილი, აქტიური რეგულირების პროცესის გამოყენებით დააბალანსოს. ამ მოდელის ფუნქციონირებისთვის, ეროვნულმა ბანკმა შექმნა “რეგულირების ლაბორატორია,” რომლის საშუალებითაც კონკრეტული პროდუქტების ტესტირება ხდება. ეროვნული ბანკი ძირეულ ნაბიჯებს დგამს ელექტრონული ფულის პოპულარიზაციისთვის, რომელიც ფინანსური ჩართულობის კატალიზატორი შეიძლება გახდეს”. – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ფინანსური სექტორის განვითარების დადებით შეფასებებთან ერთად, ანგარიშში ასევე აღნიშნულია ცალკეული მიმართულებების არსებული გამოწვევები, მათ შორის, ფინანსური ჩართულობის კუთხით: “საქართველოში კარგად განვითარებული საბანკო სექტორი და პროგრესი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, ფარავს ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებში მრავალფეროვნების ნაკლებობას და უთანასწორობას ფინანსურ ჩართულობაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაღალი ხარჯები ასევე გამოწვეულია მაღალი საკრედიტო რისკის აღქმით ინფორმაციის ასიმეტრიის გამო, ისევე როგორც მოთხოვნის მხრიდან არსებული შეზღუდვებით, როგორიცაა არაფორმალურობა, სუსტი ფინანსური მენეჯმენტი და ბიზნეს უნარები. მიუხედავად კარგად განვითარებული საბანკო საკრედიტო პროდუქტებისა, სხვა ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნების ნაკლებობა (როგორიცაა ლიზინგი, ფაქტორინგი, კაპიტალის დაფინანსება) ზღუდავს ფინანსური სექტორის შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ფირმების სხვადასხვა ტიპის საჭიროებები მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში”. აღნიშნულია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, დოლარიზაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ფინანსურ სტაბილურობაზე, ისე ფინანსურ განვითარებაზე. დოლარიზაცია ფინანსური სექტორის მოწყვლადობის მნიშვნელოვანი წყაროა, არაჰეჯირებული მსესხებლების საკრედიტო რისკისა და ლიკვიოდბის რისკის გამო, რადგან სისტემური შოკების დროს ცენტრალური ბანკის მხრიდან უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობის მიწოდების შესაძლებლობა შეზღუდულია. საქართველოში დაკრედიტების დედოლარიზაციის პროგრესის მიუხედავად, დანაზოგების მუდმივმა დოლარიზაციამ სტრუქტურული ლიკვიდობის დეფიციტი, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების მაღალი ღირებულება და ადგილობრივი ვალუტით ვალსა და წილობრივ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ნაკლებობა გამოიწვია, რაც ფინანსების ხელმისაწვდომობას და ბაზრის განვითარებას აფერხებს. დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით ნაჩვენები პროგრესის მიუხედავად, ის საქართველოს ეკონომიკის და ფინანსური სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება. 2016 წლის ბოლოს, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, მაღალ დოლარიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შესარბილებლად, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. მდგრადი დედოლარიზაცია, რომელსაც ზურგს მაკროეკონომიკური საფუძვლების მუდმივი გაძლიერება უმაგრებს, გრძელვადიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ კონტექსტში, საფინანსო სექტორის პოლიტიკამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და კონკურენციის, ინოვაციებისა და ბაზრის განვითარების საფუძვლების გაუმჯობესებას რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს დედოლარიზაციის მდგრად, ბაზარზე დაფუძნებულ ძალისხმევას.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. კარგად განვითარებული კაპიტალის ბაზრები  ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს. საფინანსო სექტორში ბანკების დომინირებისა და მაღალი დოლარიზაციის პირობებში კაპიტალის ბაზრის განვითარებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა დანაზოგების უფრო ეფექტურ მობილიზებას, კორპორაციული და შინამეურნეობების სექტორისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას, მათ შორის გრძელვადიან სესხებზე ხელმისაწვდომობას.

“2018 წლიდან ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კაპიტალის ბაზრების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შექმნა კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტი და მნიშვნელოვნად განახლდა  კაპიტალის ბაზრის საკანონმდებლო ბაზა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით და სხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ სტრატეგიას ამზადებენ. კაპიტალის ბაზრის საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოს განახლებასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული”. – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

სრულ ანგარიშს გაეცანით მითითებულ ბმულზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …