მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანი დაინიშნა

ანტონელა ბასანი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ახალი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც დღეიდან უხელმძღვანელებს ბანკის სტრატეგიისა და  დაფინანსების საკითხებს რეგიონში.

ბასანი, ეროვნებით იტალიელი, მანამდე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობდა საბიუჯეტო, ეფექტიანობის შეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში. ამ პოზიციამდე კი მას ეკავა სტრატეგიული და ოპერაციული დირექტორის თანამდებობა მსოფლიო ბანკის ორ რეგიონში – შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის, და აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის რეგიონებში, სადაც სტრატეგიულ ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ გუნდებს სტრატეგიების, ოპერაციების, მოქნილი და ინოვაციური დაფინანსებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით. ანტონელა ბასანი ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის მიერ უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად შექმნილ საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში რესურსების მობილიზაციისა  და მართვის დირექტორად.

„მოხარული ვარ, შევუერთდე მსოფლიო ბანკის გუნდს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ვაცნობიერებ უდიდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი კლიენტი ქვეყნები დგანან „მწვანე“ გარდაქმნით დაწყებული, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოებით დამთავრებული, განსაკუთრებით COVID პანდემიის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მოუთმენლად ველი  პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, განვითარების მიმართულებით მომუშავე დონორებთან და მსოფლიო ბანკის ჯგუფის გუნდთან თანამშრომლობას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად,“ –  განაცხადა ანტონელა ბასანიმ.

ანტონელა ბასანის განვითარების მიმართულებით საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის, და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონების გარდა, ის ასევე მუშაობდა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც წარმატებით უზიარებდა პარტნიორ მხარეებს ოპერაციულ და ფინანსურ ცოდნას და გამოცდილებას. მსოფლიო ბანკში გადასვლამდე ქ-ნი ბასანი მუშაობდა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) პარიზში. მას მიღებული აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის (ECA) შესახებ:

მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობს სიღარიბის დასაძლევად და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რაც ხორციელდება ადამიანური კაპიტალის, ბაზრების განვითარების, მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობის და ინსტიტუტების შექმნისა და გაძლიერების მეშვეობით. 2022 ფისკალური წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა რეგიონისთვის 47 ოპერაციის განსახორციელებლად 8.5 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო რესურსი დაამტკიცა, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 6 მლრდ. აშშ დოლარის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) 2.5 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის სესხები.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …