მსოფლიოში მარცვლეულის წარმოება მცირედით შემცირდა

FAO-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3 პროცენტით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა. თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1 პროცენტით უსწრებს. ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.

ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 166.3 ქულა შეადგინა და მაისთან შედარებით 4.1 პროცენტით დაეცა. თუმცა, გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 27.6 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5 პოცენტით აღემატება. ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ  და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთის ფედერაციაში მაღალი  მოსავლიანობის პროგნოზმა. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი – 3.5 პროცენტით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა ივნისში საშუალოდ 211.8 ქულა შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7.6 პროცენტით შემცირდა. ასევე, ფასმა დაიკლო მზესუმზირის ზეთისა და სოიოს ზეთზე, რაც მაღალი ფასების გამო მათზე შემცირებულ მოთხოვნას მოჰყვა.

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი ივნისში საშუალოდ 117.3 ქულა იყო და, მაისთან შედარებით, 2.6 პროცენტით დაიკლო. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შაქრის საერთაშორისო მოთხოვნასა და მის ფასებზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამაც იქონია გავლენა.

მაისთან შედარებით, ივნისში 1.7 პროცენტით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი და 124.7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია და 2021 წლის ივნისის მონაცემებს 12.7 პროცენტით აჭარბებს. მსოფლიო ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი  ფრინველის ხორცზე – ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მასზე გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის გამო გლობალური მიწოდების შემცირებამ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპმა.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 149.8 ქულა შეადგინა და წინა თვის შემდეგ 4.1 პროცენტით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი 24.9 პროცენტით უსწრებს. ივნისში ყველა ტიპის რძის პროდუქტზე გაიზარდა ფასები, განსაკუთრებით კი ყველზე.

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

FAO ზრდის მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზს

FAO-ს პროგნოზი 2022 წელს მარცვლეულის გლობალურ წარმოებაზე ივლისში 7 მილიონი ტონით გაიზარდა – 2 792 მილიონ ტონამდე. ეს მაჩვენებელი 0.6 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მსოფლიო წარმოებაზე.

2022/23-ში მარცვლეულის გამოყენების პროგნოზი ასევე გაიზარდა 2 797 მილიონ ტონამდე, მაგრამ 2021/22-ის დონეს კვლავ 0.1 პროცენტით ჩამორჩება.

2022/23-ში მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობის შესახებ FAO-ს უახლესი პროგნოზი 468 მილიონი ტონაა. ის გასულ თვესთან შედარებით 4.8 მილიონი ტონით გაიზარდა, მაგრამ სამი სეზონის განმავლობაში ყველაზე დაბალია და 2.4 პროცენტით ნაკლებია 2021/22-სთან შედარებით.

მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …