13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.
ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ. კვირეულის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები მომხმარებლებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2011 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება შეიქმნა და მის ერთ-ერთ მიზანს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით, ფინანსური სექტორისთვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგი წარმოადგენს.
“მომხმარებლის უფლებების დაცვის დღეს საქართველოს საფინანსო სექტორი საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით 2021 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ვიმედოვნებთ, რომ ამ თარიღის ტრადიციულად, ყოველწლიური აღნიშვნა მათ შორის საფინანსო სექტორის მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება”, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლება.