„მომხმარებლებს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუადვილდებათ“ – დავით ნარმანია

„მომხმარებლებს კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუადვილდებათ“ – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ევროკავშირთან ერთად განხორციელებულ დაძმობილების პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის განვითარება კომისიას შესაძლებლობას მისცემს გარკვეული ხარვეზები უფრო სწრაფად გამოავლინოს.

„დიჯიტალიზაცია ეს არის ენერგეტიკაში სხვადასხვა საქმიანობის გაციფრულება, რაც ამარტივებს ურთიერთობას კომუნალურ კომპანიასა და მომხმარებელს შორის და ჩვენ როგორც მარეგულირებელ კომისიას გვიადვილებს საქმეს და ადმინისტრირებას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ელექტრონული პლატფორმა შევქმენით, რომელთა საშუალებითაც ხდება ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით განვახორციელეთ დაძმობილების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროპელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ პლატფორმებს განავითარებს და ასევე შექმნის ახალ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა. ჩვენ კი როგორც მარეგულირებელ კომისიას გაგვიადვილდება სხვადასხვა ხარვეზების გამოვლენა და გარკვეული ანალიტიკების გაკეთება, რომელთა საშუალებითაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“. – აცხადებს დავით ნარმანია.

აქვე შეგახსენებთ, რომ თვინინგ ლაითის პროექტი 2022 წლის ივნისში დაიწყო, რომლის ხანგრძლივობა 8 თვეს, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენდა. პროექტის მიზანია მარეგულირებელი კომისიის დახმარება დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).

დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე.  პროექტი ხელს უწყობდა ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას და გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში კი ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას.

 

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …