მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში – დავით ნარმანია

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის საქმიანობაზე:
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში. შესაბამისად, აუცილებელია მომხმარებლის ინფორმირება მის პასუხისმგებლობაზე, ასევე კომუნალური კომპანიის ვალდებულებებზე. სემეკის მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების სექტორებში არსებული ხარვეზები, შემცირდეს წყვეტების ხანგრძლივობა და სიხშირე. ხაზგასასმელია რეგულაციების ეფექტიანობა. ნებისმიერი რეგულაცია, რომელსაც სემეკი შეიმუშავებს მომხმარებლის საუკეთესო ინტერესს ემსახურება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა რეგულაციაზე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი პროექტების განხორციელებას:
„საგულისხმოა, რომ სემეკმა არაერთი ახალი რეგულაცია აამოქმედა. მათ შორის, აღსანიშნავია საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების რეგულაცია, რომლის საფუძველზეც მრავალბინიან სახლებში წარმატებით მიმდინარეობს საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა. რამდენიმე ობიექტზე უკვე დასრულდა ჭკვიანი თბომრიცხველების მონტაჟი და დაიწყო ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო წილის გამოყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი გაზის გადასახადს მომხმარებლისთვის, “ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2025 წელს 5000-მდე პირს ტრენინგები ჩაუტარდა.
​ 9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …