მინისტრი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება 

თბილისი (BPI) – განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მშპ-ის 6%-ს მიაღწევს.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, მთავრობის მიერ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ახალი ინიციატივაც სწორედ ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„2022 წლის ბიუჯეტი უნდა შედგეს ისე, რომ მშპ-ის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროზე. იმისთვის, რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ ამ მოცულობას მიაღწიოს, აუცილებელია დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს. მთავარი მიმართულებები იქნება ზოგადი, სკოლამდელი, ასევე, პროფესიული განათლება. თუმცა, არ გვავიწყდება უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მათი ბიუჯეტებიც გაიზრდება, მაგრამ როგორც თანხობრივად, ისე შინაარსობრივად ყველაზე დიდი ცვლილება და გარდატეხა იქნება ზოგადი განათლების ნაწილში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, იმის მიხედვით, როგორ გაიზრდება ქვეყნის შიდა პროდუქტი 2020-2022 წლების განმავლობაში, განათლების სფეროს ბიუჯეტის საერთო მოცულობა დაახლოებით, 3,4-მილიარდი ლარი იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა.  

„მნიშვნელოვანია აშენდეს ახალი სკოლები, ასევე, მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის   მოდერნიზაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რესურსები სრულად გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვების რაოდენობა კლასში და ამ კუთხით თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება, რათა მათ ჰქონდეთ მოტივაცია, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყონ სკოლაში. მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანაში,  ამიტომ რეფორმის მთავარი გასაღები სწორედ ამ კომპონენტების განხორციელებაშია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …