მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ავტობუსი ვერ გადაადგილდება

თბილისი (BPI) – თბილისის მერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ.

კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი გეგმის მიხედვით მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება 8 და 10-მეტრიანი ავტობუსი, ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს.

„ფრანგული კომპანია „სისტრა“ ატარებს კვლევას ქალაქის მასშტაბით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებს მხოლოდ გარეუბნებში და გარეუბნების მოსახლეობა ისარგებლებს იმ ტრანსპორტით, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ მიკროავტობუსების გადანაწილება მოხდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი და ცენტრალური უბანი. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. ჩვენ არასოდეს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ეს მიდგომა მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ითვალისწინებს.

„თვითონ რეფორმას რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვექნება ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით სრული პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენი სატრანსპორტო რეფორმა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს ითვალისწინებს, რაზეც აქამდეც ბევრი გვილაპარაკია. ახლაც მინდა რამდენიმე დეტალი გაგაცნოთ: დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება შესაბამისი საავტობუსო ზოლები, ინფრასტრუქტურა, რათა ამ ზომის ავტობუსებმა შეძლონ უპრობლემოდ და თავისუფლად გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში“, – აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძის თქმით, ისინი 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა  კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმესია შესაბამისად, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას კერძო კომპანიასთან მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …