მთავრობის დავალებით, გაზის ტარიფის “ფარული სუბსიდია” GOGC-ს 300 მლნ უჯდება

საქართველოში მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის საფასურს 2013 წლიდან მოყოლებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ნაწილობრივ ასუბსიდირებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფოს კუთვნილ კორპორაციას ბუნებრივი აირის ფასდაკლებით რეალიზაცია 202 მილიონი ლარი დაუჯდა, 2021 წელს კი ამ ფასდაკლების ღირებულება კომპანიისთვის 302 მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა. შესაბამისად, 2020-2021 წლებში კომპანიას სუბსიდირების პროცესი 504 მილიონი ლარი დაუჯდა.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება 2013 წელს დაიწყო. მაშინ სუბსიდიის დაწყებას სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრით შემცირება მოყვა. თუმცა, ლარის გაუფასურების რამდენიმე ტალღის ფონზე, გაზის საფასურის შედარებით სტაბილურ დონეზე შენარჩუნებისთვის კომპანიამ საკუთარი სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის მიერ სოციალური სექტორისთვის გაზის სარეალიზაციო ფასზე გაკეთებული შეღავათი/სუბსიდია 1000 კუბურ მეტრზე 15 დოლარი იყო, 2019 წელს ის 25.4 დოლარამდე, 2020 წელს, 40.51 დოლარამდე გაიზარდა, 2021 წელს კი 52.5 დოლარამდე გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტრო ამ აქტივობას “კვაზი ფისკალურ” საქმიანობად აფასებს და მას ფარული სუბსიდიას უწოდებს. უწყების შეფასებით, 2022 წელს კორპორაციის დანახარჯი ამ მიმართულებით 220 მილიონი ლარი იქნება.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შაჰ-დენიზის კონსორციუმთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. კომპანიის საკუთრებაშია ასევე მაგისტრალური გაზსადენების სისტემაც. 2021 წელს კორპორაციამ 137.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, რომ არა გაზის ტარიფის სუბსიდია, მისი წმინდა მოგება გაცილებით მაღალი – 439.7 მილიონი ლარი იქნებოდა. GOGC-ის გაზრდილი მოგება ახალი ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებაზე ან ბიუჯეტში მის დივიდენდად მიმართვაზე შეიძლება დახარჯულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიის მიუღებელი შემოსავალი გაზის ტარიფის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას მოხმარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კორპორაციის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია – 647 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 62 მლნ ლარი; რომ არა სუბსიდია ეს თანხა 302 მლნ-ით მეტი იქნებოდა.
● ელექტროენერგიის რეალიზაცია – 370 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 37 მლნ ლარი;
● ბუნებრივი აირის მილსადენების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 44.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1.5 მლნ;
● ბაქო-სუფსას მილსანდების ოპერირების საკომისიო შემოსავალი – 27.5 მლნ ლარი, მატება 1 მლნ;
● ნედლი ნავთობის რეალიზაციოა – 25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 16 მლნ ლარი.

ამ ფარული სუბსიდიის მნიშვნელობაზე BMG Talks-ის ეთერში გასულ წელს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა, რომლის თქმითაც, რომ არა კორპორაციის მიერ გაწეული დანახარჯი, მოსახლეობისთვის გაზის საფასური “გაცილებით მაღალი” იქნებოდა.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …