მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ენერგეტიკის სექტორის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული კვლევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის, არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია კვლევების ჩატარება.
„მისასალმებელია, რომ მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტის წახალისებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტების, არსებული გამოწვევებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს. გარდა ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლებისა, კვლევაში მოცემულია სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების შედარებითი ანალიზი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზართან.
აღსანიშნავია, რომ სემეკსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …