თბილისი (BPI) – „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, ამავდროულად გარანტიების თანმდევ რისკებზე მიუთითებს. კითხვაზე – უნდა გასცეს თუ არა გარანტია სახელმწიფომ ანაკლიის პორტის პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე, IMF-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აცხადებს, რომ გარანტიები სახელმწიფოს ფინანსებისთვის ფისკალურ რისკებს აჩენს.
ამასთან, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს კარგად განვითარებული სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, საიდანაც ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებდა.
“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ცალკეულ პროექტებზე, თუმცა, გვესმის რაციონალური მნიშვნელობა ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყნას აქვს საფუძვლიანი ინფასტრუქტურული ქსელი, რომელიც გაამარტივებს ლოგისტიკური ბიზნესის წარმოებას. რაც შეეხება საკითხს, რომ უნდა გასცეს თუ არა მთავრობამ გარანტია, ჩვენთვის საკითხი დგას ასე: გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და ასეთ პროექტებს ახლავს ფისკალური რისკების საფრთხე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რა გზით იქნება ეს გარანტიები ფორმულირებული და როგორი იქნება მისი შედეგები მომავალში სახელმწიფო ფინანსებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა რა თქმა უნდა, არსებობს, ვხედავთ საჭიროებას იმისა, რომ საქართველო გახდეს ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყნის ადგილმდებარეობა იძლევა დიდებულ შესაძლებლობას, განავითროს ინფრასტრუქტურა „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში. წახალისდეს ტრანზიტი და აქ არის რამდნიმე პროექტი ამ მიმართულებით და ჩვენ მათ მივესალმებით“ – აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.
ეკა გაზდელიანი, “ბიზნესპარტნიორი”