მეორე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 383.3 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2021 წლის მეორე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 383.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 8.4 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.8 პროცენტიდან -8.0 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 33.7 პროცენტით გაიზარდა და 819.2 მლნ. აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 49.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 42.9 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი და 246.1 მლნ აშშ დოლარს (817.7 მლნ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 28.0 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -245.8 მლნ აშშ დოლარი (-816.6 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება უმნიშვნელოდ, 0.7 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 36.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 56.1 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის მეორე კვარტალში 563.3 მლნ აშშ დოლარს (1.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 58.0 პროცენტით გაიზარდა 526.3 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 148.0 მლნ აშშ დოლარი (491.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.1 პროცენტია.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …