მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 366.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2023 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 366.0 მლნ აშშ დოლარი (936.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 34.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -4.6 პროცენტიდან -4.9 პროცენტამდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 13.0 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 15.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.4 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2023 წლის მეორე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.6 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს  15.0 პროცენტით აღემატება.

2023 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -633.5 მლნ აშშ დოლარი (-1.6 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 36.7 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 0.8 პროცენტით გაიზარდა და 2023 წლის მეორე კვარტალში 771.8 მლნ აშშ დოლარს (2.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1.6 პროცენტით გაიზარდა 719.6 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 472.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …