მეთიუ ბრაიზა – ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია

თბილისი (BPI) – ვფიქრობ, ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, – აცხადებს აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზა IWPR-სთან (ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი).

ბრაიზას თქმით, პორტს საქართველოში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ნატო-ც გამოიყენებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მუხლი 5-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას ადგილზე ჯარის გამოგზავნით უპასუხებს. თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატო-ს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება,“ – განაცხადა ბრაიზამ.

მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტი საქართველოს ტრანს-ატლანტიკური საზოგადოებისკენ, ასევე ევროკავშირისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს. ბრაიზა ასევე აცხადებს, რომ რუსეთს ყველაზე მეტად მისი ეკონომიკური ზეგავლენის შემცირების ეშინია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პორტი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენასა და საქართველოს კონტროლის უნარს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია. ვფიქრობ, რომ თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა რუსეთისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა“, – განაცხადა ბრაიზამ.

IPN

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …