მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მისიაა ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმის წილი გაიზარდოს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს “ტურიზმის სტრატეგია 2025”-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებები გააცნო.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მიმდინარე კვირაში შეხვედრები სექტორულ ჭრილში გაგრძელდება, რაც ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო დეტალურად გაეცნოს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მჭიდრო ურთიერთობების ფონზე იგეგმება B2B პლატფომრის განვითარება.

“ვერ გამოვყოფთ რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმართულებას რამდენადაც ტურიზმი თავის მხრივ ძალიან კომპლექსური დარგია. შევეცადეთ კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაგვეცნო რომელია სტრატეგიული მიმართულებები, რაც დაგვეხმარება “ტურიზმის სტრატეგია 2025”-ის მისაღწევად. ჩვენი მისიაა, ტურიზმის წილი ეკონომიკურ განვითარებაში იზრდებოდეს, ამისთვის იდენტიფიცირება მოვახდინეთ რა უნდა გაკეთდეს: უნდა მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება, ინფრასტრუქტურის განვითარება, პარალელურ რეჟიმში პროდუქტების განვითარება, მეტი კურორტების დამატება, არსებული კურორტების 4 სეზონად გარდაქმნა და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურიზმი რეგიონალურ დონეზე, რომ განვითარდეს და მეტ ადამიანს მიეცეს რეგიონში დასაქმების საშუალება და ჩვენ ადმინისტრაციამ ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტრომ ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო ნაწილისა და მომსახურების დონის ამაღლებას. აღნიშნულ საკითხს პრეზენტაციაში დიდი დრო დავუთმე, რათა გვინდოდა, რომ კერძო სექტორს სცოდნოდა რა მიმართულებით ხდება აქცენტების გაკეთება. რეალურად სახელმწიფო მზადაა, რომ უფასო ტრენინგები ჩაუტაროს იმ ადამიანს, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებულები, ან არ არიან, მაგრამსურთ, რომ ტურიზმის სფეროში იყვნენ დასაქმებულები”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კერძო სექტორს ის გეგმები გააცნო, რითაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა მოხდეს და ტურიზმის წილი ეკონომიკაში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

შეხვედრას კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების,  ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა  ტურიზმის სფეროში განათლება/კადრების გადამზადების,  ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს  როგორც 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ.   

ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება.  შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან  კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …