მარიამ ქვრივიშვილი: ზამთრის კურორტებზე ტურისტების ნაკადი მზარდია

თბილისი (BPI) – საქართველოს ზამთრის ოთხივე კურორტზე ტურისტების ნაკადი ყველგან მზარდია, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

ქვრივიშვილის განმარტებით, მთის კურორტებზე პრობლემა, ძირითადად, თოვლის ნაკლებობამ გამოიწვია, დღეისათვის ყველაფერი რიგზეა.

„სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან ტურისტების 50% განმეორებითი ვიზიტორია, რაც დადებითი ტრენდია. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მსოფლიო მასშტაბით თოვლის დეფიციტი ყველგან იყო, მათ შორის საქართველოშიც. ეს იყო პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი. მოვიშველიოთ იანვრის თვის სტატისტიკა. საერთაშორისო მოგზაურების, ფაქტობრივად, 20%-იანი ზრდაა, უშუალოდ ტურიზმში – 19%-იანი. თოვლი უკვე ოთხივე კურორტზე დევს და ინფრასტრუქტურა მზად არის, კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს. ჩვენ უკვე ვიყავით სვანეთში, სადაც უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის ტურისტი ვნახეთ, საბედნიეროდ ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებდით ან ვაწარმოებთ. ბევრი ტურისტია გოდერძიზე, ბაკურიანსა და გადაურში. ეს ტრენდი კიდევ უფრო მზარდი იქნება. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის, ამინდები ხელს გვიწყობს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ კიდევ უფრო მეტს უმასპინძლოს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, პრემიერის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ზამთრის კურორტებზე გაუმჯობესდა საგზაო საცობების მართვა, ტრანსპორტირება და პარკინგი, უსაფრთხოების მიზნით ყველა კურორტზე დაემატა საპატრულო მანქანები. შეიქმნა დამატებითი საპარკინგე ადგილები.

“მაგალითად, ბაკურიანში, დიდველთან დაახლოებით 300 ადგილი დაემატა, რომლითაც დამსვენებლებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ, ისარგებლონ, მათ შორის, კოხტაგორასთან, ბაკურიანის ცენტრში. იგივე მოხდა გუდაურში. რა თქმა უნდა, გამოწვევები ხშირია ყველგან, სადაც დიდი ტურისტული ნაკადია, თუმცა კარგი ის არის, რომ ყველა უწყება მოტივირებულია, რომ ზამთრის კურორტებზე მომსახურების პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი განმარტებით, წყლის მიწოდების პრობლემა გუდაურში ორი-სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ დასახლებას შეეხო და არა მთელ კურორტს, საიდანაც დამსვენებლები სხვა დასახლებებში მდებარე სასტუმროებში გადაიყვანეს და კურორტიდან ტურისტები არ გაქცეულან, როგორც ინფორმაცია გავრცელდა.

„მთელი ეს დღეები ჩვენ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით გუდაურში და პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა სასტუმროებთან, ქვედა გუდაურთან, ზედა გუდაურთან, ახალ გუდაურთან. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ერთ კონკრეტულ დასახლებას რამდენიმე დღე პრობლემა შეექმნა, თუმცა ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრამდე, სახელმწიფომ უზრუნველყო და დასახლებას წყალს ხელოვნურად აწვდიდა რეზერვუარების დახმარებით. შესაბამისად, ამ დასახლებაში დამსვენებლების უმეტეს ნაწილს უწყლობა არ უგრძვნია. მეორე თემა იყოს ის, რომ ჩვენ ვესაუბრებოდით სხვა სასტუმროებს და გარკვეულწილად პოზიტიური შეიძლება, დავინახოთ იმაში, რომ ტურისტები კი არ ტოვებდნენ კურორტს, არამედ განთავსების ალტერნატიულ ობიექტს ირჩევდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ამ ობიექტისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ჯამურად რომ შეხედოთ, როგორც კურორტის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია საუბარი, რომ ტურისტები გარბოდნენ“, – განუცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …