თბილისი (BPI) – მაკდონალდს საქართველომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში (ძმები კაკაბაძეების #1) გაიმართა.
„მაკდონალდსის“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზანი ადგილობრივი, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარებაა. პროექტის ფარგლებში მოხდება დახმარება და ჩართულობა ქართული კომპანიების მსოფლიოში Global Gap-ის აუდიტის გავლაში.
„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ ხელს შეუწყობს ქართული აგროკულტურის განვითარებას. და მისცემს შანსს ქართულ კომპანიებს რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაკდონალდსის ქსელი ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომარაგდეს.“ – აცხადებენ „მაკდონალდსში“.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის ბოსტნეულით მომარაგება მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც წარმატებით ექნებათ Global Gap აუდიტი გავლილი და დააკმაყოფილებენ მაკდონალდსის სტანდარტების მოთხოვნებს.
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი GLOBAL GAP წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს. მისი მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვ.
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.