ლისის ტბის მიდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსი აშენდება

თბილისი (BPI) – ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს.

ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლისთვის 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო. იქვე იქნება 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება.

ევროპული სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ეყოლება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ევროპულ, მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს.

ევროპული სკოლის საპილოტე პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა. 2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის. სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციის გარდა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა-შემუშავებას. ევროპული სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …