თბილისი (BPI) – ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, გიორგი მაკარიძე შეუერთდა.
გიორგი მაკარიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და უზბეკეთში. ის უძღვებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საერთაშორისო ბიზნესს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმატებით წამოიწყო და მართა Mogo Finance-ის ბიზნესები საქართველოსა და უზბეკეთში. გიორგი ფლობს MBA-ს ხარისხს IE Business School-იდან (მადრიდი, ესპანეთი).
‘მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა განვავითარო ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მომსახურება და ვუზრუნველვყო, რომ ლიბერთი გახდეს ბანკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მომხმარებლის ფართო სპექტრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ასეთ გამოცდილ და მიზანდასახულ გუნდს და ვიყო ლიბერთის ნაწილი მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში.’ – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.
‘მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე.’ – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.