ლიბერთის მხარდაჭერით SPORTFEST 2023 – პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში წელს 20-21 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.
ლიბერთი SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, გაატაროს შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდეს მრავალფეროვანი აქტივობებით ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
ფესტივალზე მოსულ, სპორტით დაინტერესებულ სტუმრებს დახვდებათ პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდებიან ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშირონ სპორტთან.
ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.
„ლიბერთისთვის სპორტფესტის მხარდაჭერა განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან გვჯერა რომ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ფესტივალი იქნება ის პლატფორმა და შეხვედრის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები, შეიძინოს ახალი მეგობრები და თანამოაზრეები. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის” – თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი
“ბავშვობიდან სხვადასხვა სპორტში ვიყავი ჩართული. პროფესიულად არცერთი სპორტით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სპორტის უამრავ სახეობასთან ვარ დაკავშირებული.
სპორტის სიყვარულმა შთამაგონა შემექმნა ისეთი რამ, რაც ერთის მხრივ შეკრებდა სპორტულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა დისციპლინებს, ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა გამოცდილება და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათ ერთი რამ – სპორტის სიყვარული აერთიანებთ.
მეორეს მხრივ კი მინდოდა ყველას ჰქონოდა საშუალება გასცნობოდა ამ სფეროს უფრო კარგად და ახლოს, თავი ამ ერთიანობის ნაწილად ეგრძნო.
შარშან პირველად ჩავატარეთ სპორტფესტი და სპორტულ აქტივობებში ყველა სიხარულით ერთვებოდა დიდიც და პატარაც. წელს გვინდა ისევ გადავაჭარბოთ სტუმრების მოლოდინს და დაუვიწყარი თავგადასავალი შევქმნათ”- რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.
20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.