ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს – UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
,,საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ შეგვეჯამებინა ლიბერთის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც მდგრადი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად ხორციელდება. პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი, შედეგებზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ” – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
„არც ერთი რეფორმა, განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სექტორის ჩართულობით. მდგრადი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში არსებული გამოცდილების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან მათ აქვთ ის წვდომა და რესურსი ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ასე სჭირდება დღეს მდგრადი მიზნების მიღწევას.
ეს კონფერენცია მიზნად ისახავს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თავმოყრას და განვითარების საკითხებზე დეტალურ დისკუსიას. დიდი მადლობა კერძო სექტორს მონაწილეობისთვის, მზაობისთვის და ღია თანამშრომლობისთვის. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად აპირებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან განვითარების მიზნებთან მიმართებაში. თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და რასაც მომავალში ვიმედოვნებთ უფრო გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ.” – ანა კვერნაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პარტნიორების – USAID, ADB, EBRD -ის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სტარტაპები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.