ლექვინაძე: ბიზნეს გარემოს გამოწვევა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შემცირება და ლარის კურსია

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდმენი ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. ირაკლი ლევინაძის თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს ბიზნესისთვის რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსია.

„მთავრობასა და ბიზნესს შორის სამუშაო საკითხებს შორის რჩება რძის პროდუქტის დღგ-სგან განთავისუფლების  საკითხი, რომელსაც აქვს მთავრობის მხარდაჭერა და  ცვლილება პარლამენტის კომიტეტებში მუშავდება. დაისვა საკითხები თხევადი გაზისა და დიზელის საგადასახადო  ადმინსიტრირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აქტუალურია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც  გარკვეულწილად არბილებს  ახალი რეგულაციების გავლენას თამბაქოს ინდუსტრიაზე.  ამასთან, საბანკო რეგულაციების შემსუბუქება დეველოპერული ბიზნესისთვის და ზოგადად, არსებული და დაგეგმილი რეგულაციების გავლენების ანალიზი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნეს გარემოს მიმართულებით გამოწვევებს შორისაა  ლარის კურსი და რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება –  რუსეთიდან ტურისტების შემცირებისა და ამავე ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე არსებული და მოსალოდნელი შეფერხებები,“ – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა გამოყო ის საკითხები,  რომელებიც წინა მსგავსი ტიპის შეხვედრაზე დაისვა და ამ დროისთვის შედეგი უკვე დადგა.

„მსგავსი ტიპის წინა შეხვედრაზე  ბიზნესის მხრიდან დასმულ რიგ საკითხებზე დღეს უკვე გვაქვს შედეგი, მათ შორისაა  ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სრულად გაიზიარა  და შედეგად  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამას გარდა,   ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად კერძო სექტორსა და ადგილობრივ მთავრობებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაიმართა სამი რეგიონული ფორუმი“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეხვედრაზე ბიზნესმა კიდევ ერთხელ დასვა  ე.წ „ოქროს სიის“ წესის  გაუქმების  გადავადების საკითხი და აღნიშნული შეღავათის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა რჩება საკუთარ პოზიციაზე და ბიზნესომბუდსმენის აპარატს „ოქროს სიის“  საქმეზე შედეგი არ აქვს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …