ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის კომპანიებზე

თბილისი (BPI) – საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად,  გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„უნდა გვესმოდეს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და  გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ –  რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე.“ – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.

ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“  კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და  ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.

„საქართველოს პარლამენტში უკვე  დარეგისტრირებულია  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ  კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე  პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება“ – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს   აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …