ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი – ლაშა ხუციშვილი

ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების არხები მიმდინარე პერიოდში სტაბილურად მზარდია.

„მომდევნო პერიოდშიც ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ამ არხებს იმ დონეზე, რომ ქვეყანაში ლარის კურსი იყოს სტაბილური. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ გარკვეულწილად, შეიმჩნეოდა აჟიოტაჟური მდგომარეობა ლარის კურსთან მიმართებით, რაც გამომდინარეობს იმ მოლოდინებიდან, რაც უკავშირდება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, კონკრეტულად, საომარ მოქმედებებს ჩვენს მეგობარ უკრაინაში. ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშრებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ აჟიოტაჟს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნდა და ეს დასტურდება დღეს არსებული მდგომარეობით სავალუტო ბაზარზე. ვალუტის შემოდინების ყველა ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ფუნქციონირებს და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტის მიმართულება იანვარში 46%-მდე იყო გაზრდილი, ასევე, მზარდია ექსპორტი თებერვალში, წინასწარი ინფორმაციით მარტშიც. გარდა ექსპორტისა, ტურიზმმა აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპი. იანვრის თვეში – 70%-ით აღდგა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც რეკორდული იყო საქართველოსთვის. ასევე, მზარდია ფულადი გადმორიცხვები. შესაბამისად, ყველა ეს მიმართულება ხასიათდება სწრაფი აღდგენის ტემპით და სავალუტო შემოდინებებსაც ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმავალი ტენდენცია აქვთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მუშავდება სხვადასხვა სცენარი.

„ჩვენ ვამუშავებთ იმ ღონისძიებებსაც, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ან დამატებით შეინარჩუნოს ფულის შემოდინების ის არხები, რომლებიც იყო ქვეყანაში. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი მერყეობის მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით, მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …