კონკურენციის სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) დირექტორმა, რომან ცუცქირიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ და კონკურენციის სააგენტოსთვის შეიმუშაონ: 1. გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; 2. კომუნიკაციის სტრატეგია.

„კონკურენციის კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, 2021 წლიდან ძალაში შევიდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და სააგენტოში შესაბამისმა დეპარტამენტმა დაიწყო ფუნქციონირება. ასევე, სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. ამ დროისათვის, პარლამენტშია ინიცირებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც სააგენტო განისაზღვრება. ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, უწყების რებრენდირება, გრძელვადიანი სტრატეგიის და საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენი უწყებისათვის, მიმდინარე ცვლილებების მართვის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა USAID-ის პროექტს თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისათვის“, – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა USAID-ის ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ამოცანაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს როლი, რადგან ის უზრუნველყოფს ბაზრის თანასწორუფლებიანობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპების დაცვას საქართველოში. HICD პროექტის სახელით, მოხარული ვარ, რომ სააგენტოს ორგანიზაციული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბრენდის სახელმძღვანელოს შექმნაში დავეხმარებით, რაც, თავის მხრივ, სააგენტოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას შეუწყობს ხელს“, – რომან ცუცქირიძე, HICD პროექტის დირექტორი.

წინამდებარე მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსა და HICD პროექტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …