საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. შესასწავლი პერიოდი მოიცავდა 2014-2019 წლებს. მონიტორინგის პროცესში მოხდა ბავშვთა საკვების პროდუქტების პრიორიტეტიზაცია, მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა, კონკრეტული სეგმენტის შერჩევა და შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩოს განსაზღვრა.
კვლევის პროცესში მთავარი ყურადღება გამახვილდა თანაბარზომიერების, ბარიერების არადისკრიმინაციულობისა და პროპორციულობის საკითხებზე, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე შესვლის, მოქმედი ეკონომიკური აგენტებისთვის გაფართოების ბარიერი არის თანაბარი.
სააგენტოს შეფასებით არ იკვეთება საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები და ასევე, ამ ეტაპისათვის, არ ვლინდება ის რისკ-ფაქტორები, რომელმაც, შესაძლოა, შემდგომში ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება მოახდინოს. კომპანიებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ბაზარზე არის არაერთი დასახელების, საკმაოდ მრავალფეროვანი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას დღეს აკმაყოფილებს. ბაზრის მოცულობა 2014–2018 წლებში გაზრდილია 12,5 მლნ ლარიდან (391 ათასი კგ) 22 მლნ. ლარამდე (441 ათასი კგ), 2019 წლის 10 თვეში კი ბაზრის მოცულობა 19 მლნ. ლარია (382 ათასი კგ). ბაზრის მცირე მოცულობის მიუხედავად, ფიქსირდება მოქმედი ეკონომიკური აგენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, წლების მიხედვით ბაზარზე 8– 10 კომპანია მუდმივად ოპერირებს, რაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის არსებობის და ბაზარზე თავისუფალი დაშვების მთავარი ინდიკატორია. ბაზრის კონცენტრაციის დონის ცვლილების ტრენდი დაღმავალია (2014–2019 წწ ინდექსი შემცირებულია 2003–დან 1045–მდე). შესასწავლ პერიოდში, ბაზარი გადავიდა ზომიერად კონცენტრირებულიდან დაბალ კონცენტრირებულ მდგომარეობაში, რაც გრძელვადიან პერიოდში კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესების მაჩვენებელია. ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების წილობრივი გადანაწილებაც ცვალებადია და დასტურდება, რომ პირველ სამეულში ყოველწლიურად ახალი კომპანია იკავებს პოზიციას – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
„2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტო 8 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, უკვე დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი. უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ავტოდაზღვევის, რითეილის და პურ-პროდუქტების ბაზრის მონიტორინგების დასრულება. მიმდინარე წელს გაგრძელდება ფარმაციის და საწვავის ბაზრის მონიტორინგი. ასევე, კონკურენციის სააგენტო მუშაობს ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც მომავალში, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მოახდენს მაღალი რისკის მატარებელი და მაღალკონცენტრირებულ ბაზრებზე მონიტორინგის წარმოებას“ – აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.